• dateივნისი 22, 2026
    time10:20 AM

    CIU-ს სტუდენტებისა და პერსონალისთვის Web of Science-ის სამეცნიერო ბაზები ხელმისაწვდომია

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო და კვლევითი მიმართულების განვითარების გზაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს. ERIC-GE პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტს წვდომა მიენიჭა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ავტორიტეტულ სამეცნიერო ბაზაზე - Web of Science. 

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ეს სტრატეგიული მიღწევაა, რადგან საქართველოში სულ რამდენიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს ამ ექსკლუზიურ ბაზებზე წვდომის შესაძლებლობა.

    აღნიშნული ბაზები უნივერსიტეტის საზოგადოებას აძლევს შესაძლებლობას, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს კვლევის ხარისხი. Web of Science-ის საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებსა და სამეცნიერო სტატიებზე წვდომა უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტების ნაშრომებს თვისობრივად ახალ, ბევრად უფრო მაღალ ხარისხს შესძენს და საერთაშორისო სტანდარტზე აიყვანს. ამასთანავე, ბაზებით სარგებლობა და რეგისტრაციის გავლა CIU-ს აკადემიურ პერსონალს, მკვლევრებსა და სტუდენტებს მარტივად, უნივერსიტეტის კორპორატიული ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეუძლიათ.

    რეგისტრაციის, პირადი პროფილის შექმნისა და პლატფორმის გამოყენების დეტალური ინსტრუქციები შეგიძლიათ იხილოთ გზამკვლევში. 

    შეგახსენებთ, რომ ERIC-GE ევროკავშირის ERASMUS+ CBHE კონკურსში გამარჯვებული მასშტაბური პროექტია, რომლის მიზანია ქვეყნის უსდ-ების კვლევითი და ინოვაციური პოტენციალის ამაღლება, კვლევის მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომების დანერგვა და ინსტიტუციური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. პროექტი აერთიანებს ექვს ქართულ და ორ ევროპულ უნივერსიტეტს, სტუ-ს ინსტიტუტ „ტექინფორმის“ კოორდინაციით.

    აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობით, CIU კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ინტერნაციონალიზაციის განვითარების სტრატეგიას, რაც ხელს უწყობს აკადემიურ წინსვლასა და გლობალური კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.

    სხვა სიახლეები