Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

     - როდისაა განაცხადის შეტანის ბოლო ვადა?

    შემოდგომის სემესტრისათვის – 30 აგვისტო, გაზაფხულის სემესტრისათვის – 15 თებერვალი.

     - რა დოკუმენტაციაა საჭირო განაცხადისათვის?

    საშუალო განათლების მქონე პირთათვის:

    1. მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტი) ასლი;
    2. უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
    3. შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
    4. 2 ფოტოსურათი ზომით 3x4; ფოტოსურათის ელექტორუნლი ვერსია CD დისკზე.

    შენიშვნა: თუ განმცხადებელი არასრულწლოვანია (18 წლამდე), მაშინ დამატებით უნდა გადმოიგზავნოს დაბადების მოწმობის ასლი, მშობელთა პასპორტების ასლები, განმცხადებლის დაბადების მოწმობაში მითითებული ერთ-ერთი მშობლის მინდობილობა (თანხმობა მიღებაზე). მინდობილობა არის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს მშობლის თანხმობას, რომ მისმა შვილმა იცხოვროს და ისწავლოს საზღვარგარეთ გარკვეული პერიოდი. 

    იმ პირებისათვის, რომელთაც სურთ გადმოსვლა სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან:

    1. მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი);
    2. საზღვარგარეთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
    3. კონკრეტულ ქვეყანაში სტუდენტის ბინადრობის მაჩვენებელი დოკუმენტი (ცხოვრების პერიოდი და თარიღები უნდა ემთხვეოდეს სწავლების პერიოდსა და თარიღებს);
    4. შევსებული სააპლიკაციო ფორმა.

    მაგისტრატურით დაინტერესებული პირებისათვის:

    1. მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი);
    2. ბაკალავრიატის დიპლომი (დიპლომი, დიპლომის დანართი ან ბაკალავრის კვალიფიკაციის სერთიფიკატი და ნიშნების ფურცელი);
    3. შევსებული სააპლიკაციო ფორმა.
    4. დოკუმენტები უნდა ითარგმნოს ქართულად და დამოწმდეს ნოტარიულად.

     - რა ენაზე მიმდინარეობს სწავლება?

    უცხოელი სტუდენტებისათვის შეთავაზებულ პროგრამებზე სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.

     - რამდენ ხანს გრძელდება თითოეული პროგრამა?

    • საბაკალავრო პროგრამების ხანგრძივობაა 4 წელი;
    • სამაგისტრო პროგრამების – 2 წელი;
    • ერთსაფეხურიანი პროგრამები – 5 წელი (სტომატოლოგია); 6 წელი (მედიცინა).

     - რა ღირს სწავლება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში?

    მედიცინის ფაკულტეტი:

    • მედიცინის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა – 6000 აშშ დოლარი;
    • სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა – 5000 აშშ დოლარი;

    ბიზნესისისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი:

    • ინფორმაციული ტექნოლოგიების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 3500 აშშ დოლარი.

    სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

    • გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა - 3000 აშშ დოლარი.

     - რა დრო სჭირდება უნივერსიტეტში ჩარიცხვას?

    უნივერსიტეტში მიღების პროცედურა შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:

    დაინტერესებულ აპლიკანტთან ინიშნება ონლაინ ვიდეო გასაუბრება ინგლისური ენის ფლობის დადასტურების მიზნით.

    გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, განმცხადებელს შემოაქვს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტები.

    უნივერსიტეტი ამზადებს შესაბამის დოკუმენტს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შესატანად, რათა მოხდეს განმცხადებლის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის უფლების მინიჭება. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისათვის დადგენილი ვადები - 40 ლარი ჩვეულებრივი წარმოება (ერთი თვე); დაჩქარებული წარმოება 15 სამუშაო დღე - 80 ლარი; 5 სამუშაო დღე - 120 ლარი; 1 სამუშაო დღე 250 ლარი;

    მას შემდეგ, რაც ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გასცემს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტს, 5 სამუშაო დღის ვადაში გამოიცემა ბრძანება უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, განმცხადებელს ოფიციალურად ენიჭება უფლება გახდეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი.

     - რა დონეზე მოეთხოვება განმცხადებელს უცხო ენის ცოდნა უნივერსიტეტში მოსახვედრად?

    განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, მის მიერ ინგლისური ენის სათანადო დონეზე ცოდნას. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ვერ წარმოადგენს დოკუმენტს, უნივერსიტეტი ჩაატარებს ინგლისურ ენაში გასაუბრებასა და გამოცდას.

     - საშუალოდ რა ჯდება საქართველოში ცხოვრება (ყოველთვიური ქირა), ყოველთვიურად კვებაში რამდენი იხარჯება და რა თანხაა საჭირო სხვა ხარჯებისთვის?

    ერთოთახიანი ბინის დაქირავება თბილისის ცენტრში ღირს დაახლოებით 300 აშშ. დოლარი. მსგავსი, პატარა ბინა ქალაქის ცენტრიდან მოშორებით დაგიჯდებათ დაახლოებით 200 აშშ დოლარი.

    დაახლოებით 200-300 აშშ დოლარია საჭირო საჭმლის, ტრანსპორტირების, მობილური ტელეფონისა და სხვა ხარჯების დასაფარად.

     - როგორ შევძლებ ჩემი სააპლიკაციო სტატუსის შემოწმებას?

    თუ განმცხადებელს სურს ინფორმაციის გადამოწმება, მას შეუძლია მოთხოვნა გაგზავნოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: international@ciu.edu.ge ელექტრონული ყუთი სისტემატურად მოწმდება სამუშაო დღეების განმავლობაში 10:00-დან 18:00-მდე (საქართველოს დროით).

     - სად არის შესაძლებელი ბინადრობის ნებართვის მიღება და რა დოკუმენტებია ამისათვის საჭირო?

    ბინადრობის ბარათის მიღება შესაძლებელია სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ფილიალებში ან იუსტიციის სახლში.

    საჭირო დოკუმენტებია:

    • სააპლიკაციო ფორმა;
    • სტუდენტის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
    • სტუდენტის საქართველოში კანონიერი დარჩენის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
    • საქართველოში ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომ ეს სტუდენტი სწავლობს აღნიშნულ უნივერსიტეტში;
    • ცნობა სტუდენტის ან/და საქართველოს მოქალაქის, ან მისი ნათესავის, რომელსაც აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა და რომელიც ადასტურებს მის კანონიერ შემოსავალს საქართველოში; ასევე დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ის ამ პირის ნათესავია. უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადი საბანკო ანგარიში ასევე შეიძლება ჩაითვალოს შემოსავლად;  სასწავლო მიზნებისათვის ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ყოველთვიური თანხა არ უნდა იყოს საქართველოში საშუალო საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები;  
    • ფოტო 3x4;
    •  მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

     - რისთვის არის საჭირო აპლიკანტთან ვიდეო გასაუბრება?

    იქიდან გამომდინარე, რომ უცხოენოვან პროგრამებზე სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, უნივერსიტეტის წარმომადგენელი ახორციელებს აპლიკანტთან ვიდეო გასაუბრებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ პირი ფლობს შესაბამის უცხო ენას და შეუძლია სწავლა.

    ვიდეო გასაუბრება ხდება ZOOM-ის პლატფორმის მეშვეობით უნივერსიტეტის წარმომადგენლის მხრიდან. გასაუბრება ხდება 5-დან 10 წუთამდე და მოიცავს ზოგადი ხასიათის შეკითხვებს. გასაუბრება იწერება და მისი გამოყენება ხდება კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისთვის.

    იხილეთ დამატებითი ინფორმაცია

    1.  სავიზო პროცედურა

    განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ბრძანების შემდეგ უნივერსიტეტი გასცემს მოწვევის წერილს.

    2.  როდის უნდა გადაიხადოთ სწავლების საფასური?

    • სტუდენტმა სრულად უნდა დაფაროს აკადემიური წლის სწავლების საფასური, იმისათვის, რომ ჩაირიცხოს უნივერსიტეტში.

    3.         სემესტრის ვადები:

    • შემოდგომის სემესტრი იწყება სექტემბრის ბოლო ორშაბათს;
    • გაზაფხულის სემესტრი იწყება მარტის მესამე ორშაბათს.