ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება პრაქტიკულ და თეორიულ მედიცინაში მისი განვითარების და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ამიტომაც არის თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ტელემედიცინა, რომელიც ეფუძნება კომპიუტერული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ინფორმაციის დისტანციურ გაცვლას, როგორც პაციენტის დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით, ასევე სამედიცინო აკადემიური პერსონალის უწყვეტი განათლებისა და კვლევების განხორციელების მიზნით.
ტელემედიცინა მნიშვნელოვნად ზრდის პირველადი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობას, ეფექტიანად უზრუნველყოფს პაციენტზე ზრუნვას და ხარჯების მინიმუმამდე შემცირებას.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაზაზე მოქმედი ტელემედიცინის ცენტრი აბონენტს (სტუდენტი, უნივერსიტეტის პერსონალი და ა.შ.) კოორდინატორის (დამაკავშირებელი რგოლი - ცენტრის თანამშრომელი) საშუალებით დისტანციურად აკავშირებს კონსულტანტთან (კვალიფიციური ექიმი, რეზიდენტი, დოქტორანტი, მაღალი სემესტრის სტუდენტი) და პირიქით.
ცენტრი წარმოადგენს იდეალურ საშუალებასა და აუცილებელ სერვისს COVID-19 პანდემიის მსგავსი საგანგებო სიტუაციის პირობებში, როგორც სტუდენტზე დაკვირვების, კომუნიკაციისა და მხარდაჭერის, ასევე მისი კლინიკური უნარ-ჩვევების გამომუშავების მხრივ.
ტელემედიცინის ცენტრის მიზანია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოპულაციის შესწავლა, COVID-19-ით ინფიცირებული ჯგუფების გამოვლენა, დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის გარკვევა და სამიზნე სუბიექტების გადამისამართება საჭიროებისამებრ (ცხელი ხაზი, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, კოვიდ კლინიკები); გარდა ამისა, ტელემედიცინის ცენტრი გასცემს რეკომენდაციებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ.
ტელემედიცინის ცენტრის საშუალებით ხორციელდება ტელეტრენინგები აკადემიური პერსონალისთვის, რაც უწყვეტი პროფესიული განათლების შესაძლებლობაა.
ასევე, ცენტრი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განახორციელებს გერიატრიული კონტინგენტის (მაგ: კოგნიტიური დარღვევების მქონე პაციენტების) ონლაინ მხარდაჭერას.
ადრესატი
telemedicine@ciu.edu.ge
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება