Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    სტუდენტური ცხოვრება კსუ-ში

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ) სტუდენტებს საშუალება აქვთ მიიღონ დეტალური ინფორმაცია სტუდენტური ცხოვრებისა და სერვისების შესახებ.

    კსუ უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას კანონმდებლობით და შიდა ნორმატიული აქტების საფუძველზე. აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია: უმაღლესი განათლების შესახებ კანონით, უნივერსიტეტის დებულებით, შინაგანაწესით, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით, ეთიკის კოდექსით, ბიბლიოთეკის დებულებითა და სტუდენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

    სტუდენტური ღონისძიებები

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის საზოგადოებრივ, სოციალურ/კულტურულ ცხოვრებაში და მნიშვნელოვანი როლი შეაქვს ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებაში, ხელს უწყობს სწავლების ეფექტური მექანიზმების შემუშავებასა და დანერგვას. უნივერსიტეტში სისტემატურად იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყოველი აკადემიური წელი გამოირჩევა ღონისძიებების სიმრავლითა და თემატური მრავალფეროვნებით.

    სტუდენტური ცხოვრება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას, შესაბამისად, კსუ ორიენტირებულია უნივერსიტეტში ჯანსაღი სტუდენტური გარემოს შექმნაზე. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ და შესაძლებლობა მივცეთ თითოეულ სტუდენტს გამოავლინოს საკუთარი თავი, განავითაროს საკუთარი ინტერესების სფერო და უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღოს სტუდენტურ ღონისძიებებში.

    საჯარო ლექციები

    კსუ სტუდენტებს სთავაზობს საინტერესო, მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებას: ცნობილ მეცნიერთა და სხვადასხვა სფეროს წარმატებულ წარმომადგენელთა საჯარო ლექციებს; ექსპედიციებს საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ; საკუთარი ნიჭისა და ინტერესების გამოვლენის მიზნით უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ მუსიკალურ ბენდში, ხატვის, სიმღერის სტუდიაში, ღვინის თეატრში, სპორტულ სექციებში ჩართვასა და ინტელექტუალურ კონკურსებში მონაწილეობას.

    სტუდენტური დასაქმება

    კსუ აქტიურად ზრუნავს სტუდენტთა დასაქმებაზე, როგორც სტუდენტობის პერიოდში, ასევე უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ. ამისთვის უნივერსიტეტში შექმნილია კარიერული განვითარების სამსახური, რომელიც მუდმივად მართავს სხვადასხვა სახის აქტივობებს, იწვევს სახელმწიფო სტრუქტურებისა, თუ კერძო კომპანიების წარმომადგენლებს და მართავს დასაქმების ფორუმებს.

    სტუდენტური კლუბები

    კსუ-ს სამხატვრო სტუდია დაინტერესებულ სტუდენტებს ფერწერისა და ხატწერის მიმართულებებს სთავაზობს. სტუდია შემაჯამებელ გამოფენას ყოველწლიურად მართავს.

    ანსამბლი „კავკასიელი“ ხალხური სიმღერითა და საკრავებით დაინტერესებულ სტუდენტებს აერთიანებს. ანსამბლი აქტიურად ერთვება უნივერსიტეტში ჩატარებულ ღონისძიებებსა და სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობაში.

    კსუ-ში წარმატებით ფუნქციონირებს თეატრალური დასი - „ღვინის თეატრი“. დასი მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალში - „ნიღაბი“ ყოველწლიურად მონაწილეობს და საპრიზო ადგილებს იკავებს.

    კსუ-ში გამორჩეულ მიმართულებად ჩამოყალიბდა მხიარულთა და საზრიანთა კლუბი. გუნდმა „Old Boys” თავისი არსებობის განმავლობაში, რეგიონული ლიგის ბოლო სამი წლის თამაშების შედეგებით, საქართველოს ჩემპიონის ტიტული და ღირსეული გამარჯვება მეორედ მოიპოვა.

    სპორტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

    კსუ-ში, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, კალათბურთის, ფეხბურთის, ფრენბურთისა (გოგონებისა და ვაჟების) და რაგბის გუნდები ფუნქციონირებს.

    კალათბურთელებმა 2017-2018 სასწავლო წელი წარმატებით დაიწყეს. გუნდმა „ა“ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა, რაც კალათბურთის პროფესიონალურ დონეზე თამაშს გულისხმობს.

    უნივერსიტეტში შექმნილი რაგბის გუნდი უკვე მესამე წელია აქტიურად ერთვება საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თაოსნობით გამართულ ტურნირებში. კსუ-ს მორაგბეთა გუნდი შედეგებს წლიდან წლამდე აუმჯობესებს.

    სტუდენტური ავტოკლუბი

    კსუ-ს ავტოკლუბმა სამწლიანი არსებობის განმავლობაში სხვადასხვა საპრიზო ადგილის დაკავება და „STUDENTS CUP“-ის გამარჯვებულის სტატუსის მოპოვება შეძლო.

    უნივერსიტეტის ინტელექტკლუბი სტუდენტური ცხოვრების კიდევ უფრო საინტერესოდ წარმართვისათვის პერმანენტულად ატარებს შემდეგ თამაშებს - „რა? სად? როდის?“, „ჯეპარდი“, „ქვიზ ტური“.

    სტუდენტური თვითმმართველობა

    უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მათ შორის აღსანიშნავია - „სტუდენტური ცხოვრება“, რომელმაც სტუდენტთა განსაკუთრებული ინტერესი და ჩართულობის მაღალი დონე აჩვენა. სტუდენტური თვითმმართველობა თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებთან. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ჩვენს სტუდენტებს არაერთხელ შესთავაზეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. უნივერსიტეტის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი ხელს უწყობს სტუდენტების აქტიურ ცხოვრებას, როგორც სამეცნიერო, ასევე კულტურულ-რეკრეაციული მიმართულებით. მათი ინტერესების სფეროებია: განათლება, მეცნიერება, სპორტი, ტურიზმი, სტუდენტების უფლებების დაცვა, კულტურა, პროექტებზე მუშაობა და სხვა.

    სტუდენტი მენტორი

    უნივერსიტეტში მოქმედებს თანატოლი მენტორების ინსტიტუტი, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს პირველკურსელთა და მობილობით გადმოსული სტუდენტებისათვის უნივერსიტეტის გაცნობა, მათი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩაბმა, სხვადასხვა მიმართულებით კონსულტირება/რეკომენდაციების გაწევა. მენტორი თავის სტუდენტურ ჯგუფთან საქმიანობას ახორციელებს უშუალო შეხვედრებით, ინდივიდუალური კონსულტაციებით, სოციალურ ქსელში ჯგუფური კომუნიკაციის საშუალებით, ექსკურსიებისა და სხვა შეკრებების მოწყობის გზით.