მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას ორწიგნეულის პრეზენტაცია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებითა და მასპინძლობით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) პროფესორების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტის მინდია უგრეხელიძისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორის ბექა ქანთარიას ორწიგნეულის - „XIX საუკუნის საქართველო ევროპული სამართლებრივი კულტურის მაგისტრალზე“ პრეზენტაცია. ორივე ტომის რედაქტორია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი. ორწიგნეული მომზადდა და გამოიცა CIU-ს სამართლის ფაკულტეტის კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, კონსტიტუციონალისტები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევევბის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სესილი გოგიბერიძე, აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე და პროფესორი ბექა ქანთარია.
ორწიგნეული წარმოადგენს მნიშვნელოვან სამეცნიერო გამოცემას, რომელიც დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში კონსტიტუციური იდეების ჩასახვა, გავრცელება და განვითარება გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე XX საუკუნის 20-იან წლებში, რაზეც ხშირად მიუთითებენ თანამედროვე ქართულ სამართალმცოდნეობაში. ორტომეულში თავმოყრილი პუბლიკაციები, რომლებიც მე-19 საუკუნის ქართულ პერიოდიკაში იყო გამოქვეყნებული, ცხადყოფს, რომ ქართული საზოგადოება დიდი ინტერესით ეზიარა ევროპულ სამართლებრივ და კონსტიტუციურ კულტურას, სიღრმისეულად დაეწაფა ცოდნას კონსტიტუციური დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ.
გამოცემა იმ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რომ იგი წარმოაჩენს საქართველოს, არა როგორც ევროპული სამართლებრივი სინამდვილის პერიფერიას, არამედ როგორც მისი ქმნადობის პროცესის უშუალო მონაწილეს. ეს კი მე-19 საუკუნის ევროპული კონსტიტუციონალიზმის ძირითადი ტენდენციების გავრცელებასა და დამკვიდრებასათანაა დაკავშირებული. ამ დროის ქართულ პრესაში დაბეჭდილი უაღრესად საინტერესო პუბლიკაციები კონსტიტუციის, სახელმწიფო მმართველობის, ხელისუფლების ცალკეული განშტოებების, დემოკრატიის, თავისუფლებისა და სამართლის ფუნდამენტურ საკითხებზე, იძლევიან მეცნიერული დასკვნის საშუალებას, რომ ამ ეპოქაში ქართველ ხალხს კონსტიტუციონალიზმის იდეები ფართოდ ჰქონდა გააზრებული და გათავისებული.
ორტომეული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეროვნული სამართლებრივი და კონსტიტუციური აზროვნება ისტორიულად დასავლურ ტრადიციებთან იყო დაკავშირებული და ინტერესი ამ იდეების მიმართ, საქართველოში საუკუნეზე მეტი ხნის წინ არსებობდა. ამიტომ, გამოცემა არა მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობის წყაროა, არამედ სამეცნიერო ნაშრომია თანამედროვე ქართული კონსტიტუციონალიზმის ფესვების შესახებ.
ორწიგნეული ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ იღვწოდნენ დიდი ქართველი განმანათლებლები და მათი მიმდევრები, რათა გაეყვანათ ერი ევროპული სამართლებრივი კულტურის ფართო მაგისტრალზე. დიდწილად, სწორედ ამის ნაყოფია საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია, მათ შორის თანამედროვე ქართული კონსტიტუციონალიზმი.
სხვა სიახლეები
მაისი 14, 2026
01:30 PM
მასტერკლასი - „სენსორული და ემოციური მარკეტინგის როლი ბრენდინგში და მისი გავლენა კარიერულ განვითარებაზე“.
14 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის, ასევე ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა მასტერკლასი თემაზე - „სენსორული და ემოციური მარკეტინგის როლი ბრენდინგში და მისი გავლენა კარიერულ განვითარებაზე“.
მაისი 13, 2026
01:00 PM
ვიწრო სფერო - ჯანდაცვა
სწავლის სფერო - მედიცინა საბაზისო მედიცინა
მაისი 11, 2026
03:00 PM
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ღია კარის დღე ჩატარდა
4-8 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ღია კარის დღე ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ფაკულტეტებსა და პროგრამებს, ასევე ენახათ უნივერსიტეტის გარემო და ინფრასტრუქტურა.









