• dateმაისი 20, 2026
    time11:00 AM

    CIU-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა IATUL-ის საერთაშორისო გრანტი მოიპოვა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, თამარ ქავთარაძე უნივერსიტეტების ბიბლიოთეკების საერთაშორისო ასოციაციის (IATUL) მიერ გამოცხადებული 2026 წლის სასწავლო/სამეცნიერო გრანტის გამარჯვებული გახდა პროექტით - „სამეცნიერო ბაზების გამოყენების ოპტიმიზაცია ხელოვნური ინტელექტით მართული სისტემატური მიმოხილვის ინსტრუმენტების მეშვეობით: ინოვაციური მიდგომა აკადემიური ბიბლიოთეკებისთვის“.

    CIU-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი 8-16 მაისს სამუშაო ვიზიტით თურქეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში Koç University-ში იმყოფებოდა.

    პროექტის მიზანია სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების ოპტიმიზაცია ხელოვნური ინტელექტის (AI) მხარდაჭერილი სისტემატური მიმოხილვის ინსტრუმენტების, კერძოდ - Rayyan-ის პლატფორმის ინტეგრირების გზით. 

    საერთაშორისო გრანტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო ვიზიტი Koç University-ში დაეთმო თანამედროვე საბიბლიოთეკო სერვისების, სისტემატური მიმოხილვის მეთოდოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების პროცესების კომპლექსურ შესწავლას.

    ვიზიტის პირველ ეტაპზე, რომელიც უნივერსიტეტის ჰოსპიტალში წარიმართა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის მეცნიერებების მიმართულებით ბიბლიოთეკის საქმიანობის სპეციფიკასა და კვლევითი პროცესების სტრუქტურულ მართვაზე. ასევე გაიმართა პრაქტიკული სესიები, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სისტემატური მიმოხილვის მხარდამჭერი წამყვანი პლატფორმებისა და ციფრული ინსტრუმენტების გაცნობა და პრაქტიკული გამოყენება. მათ შორის იყო: Rayyan, Covidence, EndNote, Zotero და ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომლებიც მკვლევართა მხარდაჭერის ეფექტიანი სტრატეგიების შემუშავებას ემსახურება.

    ვიზიტის განმავლობაში, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს შესაძლებლობა ჰქონდა დასწრებოდა ბიბლიოთეკის პერსონალის მე-7 საერთაშორისო კვირეულის (7th Istanbul International Library Staff Week) ფარგლებში გამართულ სესიებს, რომლებიც Koç University-ის მთავარ კამპუსში ჩატარდა.

    წლევანდელი საერთაშორისო კვირეულის მთავარი თემა იყო - „უმაღლესი განათლებისა და ბიბლიოთეკების ხელახალი გააზრება ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქაში“. ღონისძიების ფარგლებში გამართული სემინარები, ვორქშოფები და ინტერაქციული სესიები დაეთმო ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა:

    • ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ინტეგრაცია და პასუხისმგებლიანი გამოყენება;
    • ბიბლიოთეკების ტრანსფორმაცია სწავლების, კვლევისა და ინფორმაციაზე წვდომის პროცესში;
    • ახალი ეპოქის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული უნარების განვითარება და ეთიკური პასუხისმგებლობა;

    ვიზიტი დასრულდა Suna Kıraç-ის ბიბლიოთეკის კვლევის მხარდაჭერის პროგრამების დეტალური გაცნობით, სტამბოლის უმსხვილესი ბიბლიოთეკების დათვალიერებითა და მათი სერვისებისა და რესურსების შესწავლით.

    ვიზიტის ფარგლებში, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა აქტიური მონაწილეობა მიიღო გლობალური ცოდნის გაზიარების პროცესში, დაამყარა მნიშვნელოვანი პროფესიული კონტაქტები საერთაშორისო კოლეგებთან და განიხილა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

    მიღებული გამოცდილება და თანამედროვე მიდგომები ხელს შეუწყობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინოვაციური, AI-ზე დაფუძნებული სერვისების დანერგვასა და საგანმანათლებლო-კვლევითი პროცესების კიდევ უფრო გაუმჯობესებას. ასევე, ათვისებული ინოვაციური მეთოდები საფუძვლად დაედება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი „AI-ზე დაფუძნებული სისტემატური მიმოხილვის გზამკვლევის“ შემუშავებასა და მის შემდგომ ინსტიტუციურ დანერგვას.

     

    სხვა სიახლეები