Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    10.05.2017

    ტრენინგ-კურსი თანამშრომლებისთვის

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, ფსიქოლოგ ხათუნა მუზაშვილის მიერ ჩატარებული ტრენინგ-კურსი ,,ექსკლუზიური სამოტივაციო ტრენინგი ,,სერვის გოლდ 115“ გაიარეს.

    ტრენინგები ორ ნაკადად - 28-29 აპრილს და 4-5 მაისს ჩატარდა.

    10 მაისს უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ, რექტორ კახაბერ კორძაიასთან და ტრენერ - ხათუნა მუზაშვილთან ერთად, თანამშრომლებს ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.

    აღნიშნული ტრენინგ-კურსი, რომელიც თანამშრომლებში მოტივაციის ამაღლებისკენ იყო მიმართული, უნივერსიტეტის კანცლერის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

    სერტიფიკატების გადაცემის შემდეგ, ხათუნა მუზაშვილის ტრენინგ-ცენტრთან, სამომავლო თანამშრომლობა და მსგავსი ტიპის ტრენინგების ორგანიზება დაიგეგმა.

     

    05.12.2016

    სასერტიფიკატო კურსი - ღვინო და ღვინის კულტურა დაიწყო

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურმა სასერტიფიკატო კურსი - ,,ღვინო და ღვინის კულტურა“ განაახლა.

    კურსი 5 დღეს გასტანს და ტრენერები - კსუ-ს კანცლერის მოადგილე ქეთევან ჯურხაძე და გასტრონომიული კულტურის მკვლევარი დალი ცატავა მსმენელებს ისეთ თემებზე მიაწვდიან ინფორმაციას, როგორიცაა ღვინის ისტორია, ქვევრი და ქვევრის ღინო, გასტრონომიული კულინარიის ისტორია, ღვინის არომატები, მისი აღქმის ზღვრები და დაავადებები.

    სასერტიფიკატო კურსზე მეღვინეობის, ღვინის ინდუსტრიისა და ტურიზმის დარგში მომუშავე 30-მდე მსმენელი ელექტრონულად დარეგისტრირდა.

    კურსის მიზანია, ღვინის ტიპოლოგიის შესწავლა, სათანადო დარგობრივი ცოდნის გაღრმავება და სამომხმარებლო კულტურის ამაღლება.

    კურსის დასასრულს ორენოვანი საუნივერსიტეტო სერტიფიკატი გაიცემა.

     

    26.09.2016

    TEMPUS -ის პროექტის CruiseT-ის დასკვნითი კონფერენცია

    5-9 სექტემბერს ბათუმის საზღვაო აკადემიაში TEMPUS -ის პროექტის CruiseT-ის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები: ელისაბედ მალანია (კოორდინატორი), თამარ ქობლიანიძე, ლია ბერიკაშვილი, მაია ვეშაგური და თამარ ჩახნაშვილი. პროექტში მონაწილე ევროპელმა ექსპერტებმა პარტნიორი უნივერსიტეტების კოორდინატორების შემაჯამებელი მოხსენებები მოისმინეს. კსუ-ს წარმომადგენლებმა დეტალური ანგარიში წარადგინეს CruiseT-ის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შესახებ და განხორციელებულ ტრენინგებზე და ტურიზმის განვითარების რეგიონული ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრეს.

    8 სექტემბერს გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „საზღვაო ინდუსტრიის ინოვაციური გამოწვევები: საზღვაო ტრანსპორტი, საინჟინრო ტექნოლოგიები, ლოჯისტიკა, ტურიზმი“. კონფერენციაში მონაწილეობა როგორც კსუ-ს პროფესორებმა, ასევე საქართველოს და უცხო ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს.

     

    26.09.2016

    კსუ-ს სტუდენტები CruiseT-ის საზაფხულო სკოლაში

    TEMPUS-ის პროექტის CruiseT -ის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში კსუ-ს სტუდენტები მონაწილეობდნენ: სალომე სურამელი, მერი კახელიშვილი, მარგო კიკალიშვილი, მარიამ ოლქიშვილი, ქრისტინა ჯაგიევი.

    აღსანიშნავია, რომ ევროპელმა ექსპერტებმა მოიწონეს და მაღალი შეფასება მისცეს კსუ-ს სტუდენტების მიერ მომზადებულ პრეზენტაციას კვლევითი პროექტების შესახებ:

    • Hotels activities in social media;
    • Motivation study;
    • Quality Study, Georgian Wine.

    პრეზენტაციაზე ასევე აღინიშნა ის, თუ რა მნიშვნელობა აქვს კვლევის შედეგებს ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის საქართველოში.

    საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები ხერსონის უნივერსიტეტიდან, ოდესის საზღვაო აკადემიიდან, ქუთაისის უნივერსიტეტიდან, ბათუმის საზღვაო აკადემიიდან და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტიდან მონაწილეობდნენ.

     

    02.07.2016

    უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახური ზრდასრულთა განათლების ფესტივალზე

    1-2 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურმა მონაწილეობა მიიღო „ზრდასრულთა განათლების ფესტივალში“.

    ფესტივალის მიზანი იყო სხვადასხვა ღონისძიების საშუალებით - „სწავლა მთელი ცხოვრების მანძილზე“ - კონცეფციისადმი ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.

    ღონისძიების პირველ დღეს კონფერენცია გაიმართა თემაზე: „ ზრდასრულთა განათლება და ადგილობრივი განვითარება“.

    ფესტივალის მეორე დღე ვერის ბაღში მოძრაობის თეატრის მსვლელობით გაიხსნა. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ღია ცის ქვეშ წარმოდგენილ ზრდასრულთა არაფორმალური განათლების პროვაიდერთა ფართო სპექტრს გაცნობოდა: საუნივესრიტეტო უწყვეტი განათლების ცენტრებს, პროფესიული სასწავლებლების ზრდასრული მოსახლეობისათვის განკუთვნილ პროგრამებსა და სათემო განათლების ცენტრებს სხვადასხვა რეგიონიდან.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახური ფესტივალზე ცალკე საგამოფენო სტენდით იყო წარმოდგენილი. დამთვარიელებლები და დაინტერესებული პირები მთელი დღის განმავლობაში ეცნობოდნენ სინფორმაციო და ვიზუალური მასალით უხვად წარმოდგენილ იმ ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო კურსებს, რომლებიც ჩვენს უნივერსიტეტში სისტემატურად ხორციელდება.

    აღნიშნული ღონისძიების მსვლელობისას, რამდენიმე მონაწილე ორგანიზაციასა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის, შემდგომი ურთიერთთანამშომლობა დაიგეგმა.

    ფესტივალი სხვადასხვა გასართობი პროგრამით იყო დატვირთული. ზრდასრულთა განათლების ცენტრის ტრენერები მსურველებს ორიგამის, თექის, ქსოვისა და ხატვის პროფესიულ მასტერკლასს სთავაზობდნენ.

    ღონისძიებაზე, ასევე ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

    „ზრდასრულთა განათლების ფესტივალი 2016“ DVV International საქართველოს ოფისის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.