3 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, ზაფხულის სკოლა გაიხსნა თემაზე: "სამშვიდობო პოლიტიკა და ნდობის აღდგენა ოკუპირებულ რეგიონებთან".
ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა, რომელმაც სკოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა პროექტში მონაწილეობისთვის.
აუდიტორიას სიტყვით მიმართა ზაფხულის სკოლის საპატიო სტუმარმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანმა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც მიმართულია ოკუპირებულ რეგიონებთან ნდობის აღდგენაზე, ასევე, გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისა და დევნილთა საჭიროებებზე.
ზაფხულის სკოლის გახსნის ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, სკოლის კოორდინატორი, გიორგი ფარეშიშვილი.
პირველი დღის სალექციო თემატიკა გახსნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ისტორიკოსმა ქეთევან შოშიაშვილმა თემაზე - "აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ისტორიული მიმოხილვა", დღის მეორე ლექცია კი, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა გონგაძეს დაეთმო თემაზე - "აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სიმბოლიკისათვის".
ლექციები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სადაც სკოლის მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში.
დღის ბოლოს სკოლის მონაწილეებმა პრაქტიკული დავალება მიიღეს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ კონფლიქტებს ეხებოდა. აღნიშნულ ნაწილს კოორდინირებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ბაკურ ხუბულავა უწევდა.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ზაფხულის სკოლაში საქართველოს 13 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 40-მდე სტუდენტია ჩართული.
მსმენელებს ლექციები ერთი კვირის განმავლობაში ჩაუტარდებათ, კვირის ბოლოს კი სკოლა გასვლითი აქტივობით დაიხურება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება