ქართული მწერლობის ინტერნაციონალიზაციისა და პოპულარიზაციის მიზნით, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, კიდევ ერთი ახალი პროექტი განახორციელა.
„ქართული მწერლობა მსოფლიოს მასშტაბით“ სამომავლოდ ერთობლივი ტრანსნაციონალური პროექტებისა და კვლევების წარმოებას, კოლაბორაციის გაღრმავებას, ლიტერატურის, როგორც უმნიშვნელოვანესი შემოქმედებითი ინდუსტრიის კომერციალიზაციას მოიაზრებს.
პროექტი შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ქართველ მომხსენებლებს ახალი სორბონას, პოტსდამის, ვიადრინას, ხაზარის უნივერსიტეტებმა, აზერბაიჯანის კომპარატივისტული ლიტერატურის ასოციაციამ, ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიამ და ლიტერატურის ინსტიტუტმა უმასპინძლა.
მოხსენებების თემატიკა მხარეთა სამეცნიერო ინტერესების გათვალისწინებით შეირჩა და ქართული ლიტერატურის განვითარების მნიშვნელოვანი პერიოდები მოიცვა.
ჩატარებული ლექციების შესახებ მასპინძელთა შეფასებები, სამუშაო პროცესი და მონაწილეთა ემოციები CIU მულტიმედია ცენტრის მომზადებულ ვიდეორგოლში გაერთიანდა.
პრეზენტაციაზე აუდიტორიას მიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა. ვახტანგ წივწივაძემ ეროვნული ტრადიციებისა და ქართული მწერლობის პოპულარიზაციის საქმეში მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ემოციები და მიღებული გამოცდილება პროექტის მონაწილეებმაც გაუზიარეს.
„ქართული მწერლობა მსოფლიოს მასშტაბით“ 2022 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული „შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესის“ გაგრძელებას წარმოადგენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ კომპარატივისტული ლიტერატურის ქართულმა ასოციაციამ, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გასულ წლებში გადაცემათა სამი ციკლი შესთავაზა აუდიტორიას - „მე-20 საუკუნის ქართული მწერლობა და ნაციონალური იდენტობის იდეა. ნამდვილი ისტორია“, „ქართული ლიტერატურა 90 წუთში. გლობალური და ლოკალური“, „ქართული საბავშვო მწერლობა. „დედაენიდან სალამურამდე“. ჩამოთვლილი პროექტებიც შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება