იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულთა ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე, უცხოელი და ქართველი მკვლევრების გამოცდილებასა და თეორიულ ცოდნაზე დაფუძნებული სახელმძღვანელო პრინციპები შემუშავდა.
სახელმძღვანელო პრინციპები მოიცავს ისეთ ძირითად საკითხებს, როგორიცაა: პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა სათანადო პირობების შექმნა; განმავითარებელი აქტივობების, ფსიქოსოციალური, მხარდამჭერი, მათ შორის, ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა.
სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებაში მონაწილეობდა გაერთიანებული სამეფოს სასამართლოების ექსპერტი ჯეიმს მაკმანუსი, რომელიც წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ყოფილი წევრიცაა.
პროექტი „ციხის ცხოვრებასთან ადაპტაციის პროგრამა“ იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, თამთა წირქვაძემ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მაგისტრანტმა, რევაზ ბერულავამ მოიგეს. პროექტის ფარგლებში ახალშესახლებულ ბრალდებულთა სტრესის შესამცირებლად მიმღები დაწესებულებების თანამშრომლებიც გადამზადდნენ, რომელთაც პირდაპირი კონტაქტი აქვთ ახალდაკავებულ პატიმრებთან.
იუსტიციის სასწავლო ცენტრში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის სამუშაოს ეფექტიანად წარმართვის მიზნით ტრენინგი პროექტის ქართველმა მკვლევარმა და ტრენერმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, გივი მიქანაძემ ჩაატარა და მონაწილეებს სერტიფიკატებიც გადასცა.
იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს 17 საუკეთესო პროექტი დაფინანსდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება