კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2023 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება "საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ“, რომელიც მომზადდა ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ერთობლივი მუშაობის შედეგად. ამასთან, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის პროექტის წამყვანი და თანადამფინანსებელი ორგანიზაცია.
პროექტის ხელმძღვანელია ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მარიკა კლდიაშვილი.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ სამეცნიერო კვლევების განვითარებას და ინტერნაციონალიზაციას საქართველოში, აკადემიურ, საჯარო და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა მეცნიერებს შორის.
ღონისძიების თანამონაწილე ორგანიზაციები არიან ალკალას უნივერსიტეტის მეწარმეობის სკოლა (ესპანეთი) და დეგენდორფის ტექნოლოგიების ინსტიტუტი (გერმანია), ამასთან კონფერენციის დახურვის დღეს გვიმასპინძლებს თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტი, რომლის წარმომადგენლებიც კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები არიან.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე პოპულარული QS World University Ranking-ის 2022 წლის რანგირებაში ალკალას უნივერსიტეტს მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის 511-520 ადგილზეა და მინიჭებული აქვს 5 QS-ვარსკვლავი, ხოლო დეგენდორფის ტექნოლოგიების ინსტიტუტმა WURI-ის (Worlds Universities with Real Impact) 2022 წლის რანგირებაში „Entrepreneurial Spirit“ კატეგორიაში მსოფლიო მასშტაბით მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო „Crisis Management“ კატეგორიაში - მსოფლიოში მერვე ადგილი. რაც მაღალი რანგის საერთაშორისო ინსტიტუციური ჩართულობის მაჩვენებელია.
კონფერენციის მოწვეული პლენარული მომხსენებლები არიან მეწარმეობის და ინოვაციების მიმართულების გამორჩეული მეცნიერები, მაღალციტირებადი პროფესორები არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (აშშ), ემლიონის ბიზნესის სკოლის მეწარმეობის და ინოვაციების კვლევით ცენტრიდან (საფრანგეთი), ალკალას უნივერსიტეტიდან (ესპანეთი), დეგენდოფის ტექნოლოგიური ინსტიტუდიან (გერმანია) და ლიონის უივერსიტეტიდან (საფრანგეთი).
ღონისძიებაში მოწვეული მომხსენებლები არიან საჯარო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“, კონკურენციის ეროვნული სააგენტოდან, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ასოციაციიდან, Space International-დან და უნივერსიტეტის პარტნიორი სხვა ორგანიზაციებიდან.
კონფერენციის თემატური მიმართულებებია:
მეწარმეობის განვითარების თანამედროვე მიდგომები და პრაქტიკული გამოწვევები, სამეწარმეო უნივერსიტეტის განვითარების საუკეთესო პრაქტიკა და შემაფერხებელი გარემოებები;
რადიკალური და ინკრემენტალური ინოვაციები მეწარმეობაში;
ინოვაციები, ტექნოლოგიების ტრანსფერი და ტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარება;
მეწარმეობის მასშტაბირება და ინტერნაციონალიზაცია.
კონფერენციის შესახებ ინფორმაცია და კონფერენციის პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პორტალის მეშვეობით უახლოეს მომავალში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება