კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ზაფხულის სკოლის - „სამშვიდობო პოლიტიკა და ნდობის აღდგენა ოკუპირებულ რეგიონებთან“ - მეორე დღე ლექციით გაიხსნა თემაზე: „საერთაშორისო ფორმატების მნიშვნელობა კონფლიქტების მოგვარებაში“.
ლექციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ა/რ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ზვიადაძე უძღვებოდა.
სპიკერმა დეტალურად მიმოიხილა ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და ე.წ. „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატები, ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, განიხილა აღნიშნულ ფორმატებში არსებული შესაძლებლობები და სირთულეები, შეხვედრის მეორე ნაწილში კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
დღის მეორე ლექცია პოლიტოლოგსა და კონფლიქტოლოგ ივლიანე ხაინდრავას დაეთმო თემაზე: „რეგიონული კონფლიქტები (ყარაბაღი და დნესტრისპირეთი)“.
სპიკერმა მიმოიხილა აღნიშნული კონფლიქტების წარმომავლობა, დაპირისპირებული მხარეები, სამხედრო-პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხები.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ზაფხულის სკოლაში, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ტარდება, 13 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 40-მდე სტუდენტია ჩართული.
მსმენელებს ლექციები ერთი კვირის განმავლობაში ჩაუტარდებათ, კვირის ბოლოს კი სკოლა გასვლითი აქტივობით დაიხურება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება