ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტთა მიერ წარმატებით განხორციელდა პროექტი - „მე ვიხეხავ კბილებს“, რომელიც მიზნად ისახავდა მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებისთვის პირადი ჰიგიენის მნიშვნელობის გაცნობას და ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებას. პროექტი ხორციელდება საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის, სააფთიაქო ქსელ „ავერსის“, პირის ღრუს მოვლის გერმანული ბრენდის „ლაკალუტის“ მხარდაჭერით და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი, რომლის ძირითადი მიზანი იყო ბავშვების ინფორმირება კბილების რეგულარული და სწორი მოვლის მნიშვნელობაზე, რაც უზრუნველყოფს პირის ღრუს ჯანმრთელობასა და საერთო კეთილდღეობას. სტუდენტებმა წარადგინეს პრეზენტაციები, სადაც დეტალურად ისაუბრეს პირადი ჰიგიენის მნიშვნელობაზე, კბილების გახეხვის სწორი ტექნიკის, გამოყენებული საშუალებებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ.
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ინტერაქტიულ თამაშებში, რომლებიც ხელს უწყობდა ტრენინგის პროცესის გამარტივებასა და ჩვევების დამახსოვრებას. თამაშების მეშვეობით ბავშვებმა პრაქტიკულად აჩვენეს, თუ როგორ უნდა გაიხეხონ კბილები სწორად და რამდენად მნიშვნელოვანია რეგულარული მოვლა.
ტრენინგის ბოლოს ჩატარდა სახალისო ქვიზები, რომლებშიც მოსწავლეებმა შეამოწმეს და დაადასტურეს მიღებული ცოდნა. სტუდენტებმა მოსწავლეებს პრაქტიკულად აჩვენეს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ კბილის ჯაგრისი და პასტა სწორად. ასევე, აქცენტი გაკეთდა კბილების გახეხვის დროს დასაცავ ძირითად წესებზე.
ტრენინგის ყველა მონაწილეს გადაეცა საბავშვო პირის ღრუს მოვლის საშუალებები.
ტრენინგს ხელმძღვანელობდნენ ასოცირებული პროფესორი ვერიკო ხუნძაკიშვილი და უნივერსიტეტის საბაზო სტომატოლოგიური კლინიკა ,,დიოდენტის“ ექიმი თერაპევტი ნინო ხვედელიძე.
პროექტი „მე ვიხეხავ კბილებს“ დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით იქნა მიღებული როგორც მოსწავლეების, ასევე პედაგოგების მიერ. ტრენინგმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბავშვების ცნობიერების ამაღლებას პირადი ჰიგიენის საკითხებში, რაც მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება