Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    სტუდენტური ცხოვრება კსუ-ში

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ) სტუდენტებს საშუალება აქვთ მიიღონ დეტალური ინფორმაცია სტუდენტური ცხოვრებისა და სერვისების შესახებ.

    კსუ უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას კანონმდებლობით და შიდა ნორმატიული აქტების საფუძველზე. აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია: უმაღლესი განათლების შესახებ კანონით, უნივერსიტეტის დებულებით, შინაგანაწესით, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით, ეთიკის კოდექსით, ბიბლიოთეკის დებულებითა და სტუდენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

    სტუდენტური ღონისძიებები

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის საზოგადოებრივ, სოციალურ/კულტურულ ცხოვრებაში და მნიშვნელოვანი როლი შეაქვს ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებაში, ხელს უწყობს სწავლების ეფექტური მექანიზმების შემუშავებასა და დანერგვას. უნივერსიტეტში სისტემატურად იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყოველი აკადემიური წელი გამოირჩევა ღონისძიებების სიმრავლითა და თემატური მრავალფეროვნებით.

    სტუდენტური ცხოვრება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას, შესაბამისად, კსუ ორიენტირებულია უნივერსიტეტში ჯანსაღი სტუდენტური გარემოს შექმნაზე. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ და შესაძლებლობა მივცეთ თითოეულ სტუდენტს გამოავლინოს საკუთარი თავი, განავითაროს საკუთარი ინტერესების სფერო და უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღოს სტუდენტურ ღონისძიებებში.

    საჯარო ლექციები

    კსუ სტუდენტებს სთავაზობს საინტერესო, მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებას: ცნობილ მეცნიერთა და სხვადასხვა სფეროს წარმატებულ წარმომადგენელთა საჯარო ლექციებს; ექსპედიციებს საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ; საკუთარი ნიჭისა და ინტერესების გამოვლენის მიზნით უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ მუსიკალურ ბენდში, ხატვის, სიმღერის სტუდიაში, ღვინის თეატრში, სპორტულ სექციებში ჩართვასა და ინტელექტუალურ კონკურსებში მონაწილეობას.

    სტუდენტური დასაქმება

    უნივერსიტეტი აქტიურად ზრუნავს სტუდენტთა დასაქმებაზე როგორც სტუდენტობის პერიოდში, ასევე უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ. ამისთვის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახური. სამსახურის ძირითადი საქმიანობაა სტუდენტთა და კურსდამთავრებულთათვის კარიერული მხარდაჭერის სერვისის მიწოდება და შესაბამისი პროგრამების განხორციელება.

    უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახურის საქმიანობა წარმოდგენილია შემდეგი სახის აქტივობებით: პროფესიული დიაგნოსტიკის, ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვის მიმართულებით ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების გაწევა, ტრენინგებისა და მასტერკლასების შექმნა და საჭიროებისამებრ მოდულების განახლება; დამსაქმებლებთან ურთიერთობის კოორდინირება და პოტენციური დამსაქმებლების მოძიება. სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის გარდა, სამსახური ასევე, პერიოდულად ატარებს გარკვეულ ღონისძიებებს თვითდასაქმების სტიმულირების მიზნით.

    კარიერული მხარდაჭერის სერვისი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას დარგობრივად, სასწავლო კურსის და კვალიფიკაციის შესაბამისად. სტუდენტები ინფორმირებულები არიან კარიერული განვითარებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე: სტაჟირების და დასაქმების პროგრამები, აქტიური ვაკანსიები, კონკრეტული თემატური ღონისძიებები, შრომის ბაზარზე არსებული ტენდენციები და მოთხოვნები, ვორქშოპები.

    სტუდენტური კლუბები

    CIU-ში აქტიურად ფუნქციონირებს სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო კლუბები, რომლებიც მონაწილეობენ საუნივერსიტეტო თუ მის ფარგლებსგარეთ განხორციელებულ სხვადასხვა ღონისძიებებში.

    სტუდენტური ცხოვრების აქტიურად წარმართვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს CIU-ს ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახური, სტუდენტური თვითმმართველობა და თანატოლი მენტორების ინსტიტუტი.

    მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ მათთვის სასურველ აქტივობებში.

    სპორტული მიმართულებები:

    • ფუტსალის გუნდი (ასპარეზობს საქართველოს ფუტსალის ლიგაში-რანგით უმაღლესი);
    • საკალათბურთო გუნდი „ კავკასია“ (ასპარეზობს საქართველოს სუპერლიგაში);
    • ბოულინგის კლუბი;
    • კარტინგის კლუბი;
    • ბილიარდის კლუბი;
    • ავტო-მოტო კლუბი.

    კულტურული მიმართულებები:

    • ხალხური სიმღერების ანსამბლი „კავკასიელი“;
    • სამხატვრო სტუდია.

    ინტელექტუალური მიმართულებები:

    • ინტელექტკლუბი;
    • დებატკლუბი (მორგენთაუს კლუბი);
    • ლიტერატურული კლუბი (კარცერ-ლუქსი);
    • კინოკლუბი (მოქალაქე კეინი);
    • ანალიტიკურ შემეცნებითი კლუბი (ასე იტყოდა ზარატუსტრა).

    სტუდენტური თვითმმართველობა

    უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მათ შორის აღსანიშნავია - „სტუდენტური ცხოვრება“, რომელმაც სტუდენტთა განსაკუთრებული ინტერესი და ჩართულობის მაღალი დონე აჩვენა. სტუდენტური თვითმმართველობა თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებთან. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ჩვენს სტუდენტებს არაერთხელ შესთავაზეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. უნივერსიტეტის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი ხელს უწყობს სტუდენტების აქტიურ ცხოვრებას, როგორც სამეცნიერო, ასევე კულტურულ-რეკრეაციული მიმართულებით. მათი ინტერესების სფეროებია: განათლება, მეცნიერება, სპორტი, ტურიზმი, სტუდენტების უფლებების დაცვა, კულტურა, პროექტებზე მუშაობა და სხვა.

    სტუდენტი მენტორი

    უნივერსიტეტში მოქმედებს თანატოლი მენტორების ინსტიტუტი, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს პირველკურსელთა და მობილობით გადმოსული სტუდენტებისათვის უნივერსიტეტის გაცნობა, მათი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩაბმა, სხვადასხვა მიმართულებით კონსულტირება/რეკომენდაციების გაწევა. მენტორი თავის სტუდენტურ ჯგუფთან საქმიანობას ახორციელებს უშუალო შეხვედრებით, ინდივიდუალური კონსულტაციებით, სოციალურ ქსელში ჯგუფური კომუნიკაციის საშუალებით, ექსკურსიებისა და სხვა შეკრებების მოწყობის გზით.