Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

     

    მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი

    2014 წლის 13 მაისს მეღვინეობისა და მევენახეობის განვითარების მიზნით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა მევენახობა-მეღვინეობის ეროვნული სამეცნიერო ცენტრი, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

    2015 წელს აღნიშნული იდეის განხორციელების მიზნით, შეიქმნა მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი. დღეს ფაკულტეტი ახორციელებს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს.

    ფაკულტეტზე სტუდენტს საშუალება ეძლევა შეისწავლოს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ყველა საფეხური, მსოფლიოში უკვე დამკვიდრებული თანამედროვე მიდგომის შესაბამისად, რომელსაც ეწოდება „ღვინო მიწიდან მაგიდამდე“, დაეუფლოს ვაზის მოვლისა და ყურძნის მოყვანის ძირითად აგროტექნოლოგიურ მეთოდებს, დაავადებებსა და მათ წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებს, იზრუნოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღებაზე; დაგეგმოს და მართოს ვენახი, მასში მიმდინარე პროცესები და აკონტროლოს ხარისხი; გაეცნოს საქართველოსა და მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში დანერგილ ტრადიციებს და თანამედროვე, ინოვაციურ მიდგომებს, შეისწავლოს უნიკალური ქართული ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგია, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ფიზიკო-ქიმიური შედგენილობა და დარგში გამოყენებული საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ანალიზის მეთოდები; შეძლოს მევენახეობისა და მეღვინეობის ხარისხის მენეჯმენტის მართვა; აწარმოოს უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი ქართული ტრადიციული ღვინო და შეძლოს მსოფლიო ბაზარზე მისი სახელისა და ადგილის დამკვიდრება; დაეუფლოს ღვინის დეგუსტაციის ხელოვნებას.

    2015 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ფუნქციონირებს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა, რომლის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგი, ვენახის გაშენებიდან ღვინის მარკეტინგამდე. 2018 წლიდან აკრედიტაცია მიიღო ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ, რაც ხელს შეუწყობს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სპეციალისტების მომზადებას ახლა უკვე მყარი თეორიულ-პრაქტიკული საბაზისო ცოდნით.

    მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკული სწავლება კსუ

    მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკული სწავლება

    საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების პრაქტიკული კომპონენტის უნივერსიტეტის ფარგლებში განხორციელების მიზნით, მომზადდა უნიკალური სასწავლო-კვლევითი ბაზა, რომელიც მოიცავს ქართული ქვევრებით აღჭურვილ მარანს, ქართული ვაზის გენოფონდის მდიდარ საკოლექციო ნაკვეთს 100-ზე მეტი ჯიშით.

    ქართული მარანი „კოლხი“ მაღალხარისხიანი და ტრადიციების დაცვით აშენებული, გამორჩეული არქიტექტურის შენობაა, რომელიც აღჭურვილია ტრადიციული ქართული მევენახეობა-მეღვინეობისათვის დამახასიათებელი ინვენტარითა და ტრადიციული სამეურნეო ტექნიკით, ქვევრებით, საწნახელით, ენოთეკით.

    Viticulture Winemaking Faculty

    მიკროვინიფიკაციის კვლევითი ლაბორატორია

    უნივერსიტეტში ასევე ფუნქციონირებს მიკროვინიფიკაციის კვლევითი ლაბორატორია, ენოქიმიის, მევენახეობისა და მიკრობიოლოგიის ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია უახლესი სასწავლო-კვლევითი აპარატურითა და დანადგარებით. გარდა ამისა, უნივერსიტეტის ბაზაზე არსებობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სადეგუსტაციო კაბინეტი, სადაც სტუდენტებს მიეცემათ სხვადასხვა ღვინის ორგანოლეპტიკური შეფასების, ღვინის ხარისხის, ასევე ზადისა და დაავადებების ამოცნობაში დახელოვნების შესაძლებლობა.

    სწავლების პერიოდში სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, მონაწილეობენ შიდა საუნივერსიტეტო და სხვა საერთაშოროსო სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, სამეცნიერო კონფერენციებში, თავად ამზადებენ და იკვლევენ ღვინის ფიზიკო-ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ მახასიათებლებს.

    საბაკალავრო და შემდგომში სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ, სწავლა განაგრძონ საქართველოს ან სხვა ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აგრარული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების ან სხვა მიმართულების სადოქტორო პროგრამებზე, რომლებიც ორიენტირებულია შემდგომი დონის მკვლევარის მომზადებაზე, თუ მიღება რაიმე წინაპირობით არ არის შეზღუდული.

    ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულმა მიღებული თეორიული ცოდნისა და გამომუშავებული პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა შეძლონ დასაქმება მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სხვადასხვა პროფილის დაწესებულებებში, როგორებიცაა:

    - ვაზის სანერგე მეურნეობები;

    - მევენახეობის მეურნეობები;

    - აგროგანვითარების სფეროს საკონსულტაციო ცენტრები;

    - საკოლექციო ნაკვეთების გაშენება-პროექტირების ბიუროები;

    - აგროეკოლოგიური, ვაზის დაცვის სამსახურები;

    - სხვადასხვა მასშტაბის მარნები და საოჯახო მეურნეობები;

    - ღვინის, ბრენდის, ჭაჭისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხნები და კომპანიები;

    - ღვინის სახლები, დაკავებული კომერციული საქმიანობითა და სომელიეს მომსახურებით;

    - ღვინის ტურიზმით დაკავებული კომპანიები;

    - ყურძნისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლის აკრედიტებული ლაბორატორიები;

    - დარგის მართვის სახელმწიფო და საჯარო უწყებები.


    ფაკულტეტის დებულება 


    მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი კსუ

     

    კონტაქტი

    ადრესატი

    მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი

    info.agro@ciu.edu.ge

    თქვენი სახელი

    ელ-ფოსტა

    თემა

    შეტყობინება

    მეილი ვერ გაიგზავნა!
    მეილი წარმატებით გაიგზავნა.