ბ-ნი მიხნიკის საქართველოში ვიზიტის მიზანი კავკასიის სამშვიდობო ფესტივალში მონაწილეობაა, რომელიც ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტის, პოლონური ორგანიზაციის - "სხვა განზომილებისა" და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 28 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით ქალაქებში თბილისსა და თელავში იმართება. სამშვიდობო ფესტივალი ეძღვნება ტრანსკავკასიური დიალოგის 20 წლისთავსა და ალავერდობას, როგორც მშვიდობის დღესასწაულს კავკასიაში.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადამ მიხნიკმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე "პროტესტისა და დიალოგის კულტურა პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში".
ამავე თემის გაგრძელებაა წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ბ-ნმა მიხნიკმა უნივერსიტეტის დარბაზში მყოფ აუდიტორიას წარმოუდგინა.
წიგნი „სამოქალაქო ომი თუ სამოქალაქო მშვიდობა“ (Civil Society or Civil War?) მომზადებულია პროექტის - ,,აქტიური საზოგადოება მოქმედებაში”- ფარგლებში. პროექტი განხორციელდა პარტნიორი ორგანიზაციების ,,სხვა განზომილება” (პოლონეთი) და ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ. ის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით პროგრამის ,,პოლონეთის შესახებ ცოდნის გავრცელება” ფარგლებში გამოიცა. წიგნში ასახულია პოლონეთის ტრანსფორმაციის გამოცდილების რამდენიმე კონკრეტული მაგალითი. ავტორები ყურადღებას ამახვილებენ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პრობლემებსა და იმ რესურსზე, რომელიც მდგრადი სამოქალაქო დემოკრატიის მშენებლობის პროცესში ჯერაც არაა გამოყენებული. სამოქალაქო საზოგადოება განხილულია, როგორც დაპირისპირებისა და ომის ალტერნატივა.
მიხნიკმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია არაერთგვაროვან სამოქალაქო საზოგადოებაზე, მის რთულ სისტემაზე, ცალკეულ შემადგენელ სეგმენტებსა და მათ ურთიერთქმედებაზე. დასასრულ კი ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და ტოლერანტობა უსურვა.
შეხვედრის ბოლო ნაწილი პრესკონფერენციის ფორმატში წარიმართა. დარბაზში მყოფმა ჟურნალისტებმა (ტელეკომპანია „მირი“, საპატრიარქოს ტელევიზია, გაზეთი “სახალხო განათლება“, გაზეთი „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ და სხვ.) და დამსწრე საზოგადოებამ ადამ მიხნიკს კითხვებით მიმართეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება