კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ზაფხულის სკოლის - „სამშვიდობო პოლიტიკა და ნდობის აღდგენა ოკუპირებულ რეგიონებთან“ - მესამე დღე ლექციით გაიხსნა თემაზე: „ევროკავშირის როლი კონფლიქტების მოგვარების პროცესში“.
ლექციას „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე, მიხეილ მირზიაშვილი უძღვებოდა.
„ევროკავშირი გლობალური სამშვიდობო აქტორია და საქართველოს შემთხვევაშიც აქტიურ როლს თამაშობს. ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით არის ყველაზე დიდი და მთავარი კონტრიბუტორი მშვიდობის დამყარებაში. ეს არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, სპეციალური პროგრამები, კონფლიქტურ რეგიონებთან დიალოგის მხარდაჭერისთვის სპეციალური წარმომადგენლები. რაც შეეხება ასოცირების შეთანხმებას, რომელიც არის მთავარი დოკუმენტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში, იქ მთელი თავი ეძღვნება კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას. ამ შეთანხმებით საქართველო და ევროკავშირის ვალდებულებას იღებენ, რომ არ გამოიყენებენ ძალას კონფლიქტის გადაწყვეტაში. ეს არის ყველაზე ძლიერი სამშვიდობო დოკუმენტი ამ თვალსაზრისით“, - აღნიშნა მიხეილ მირზიაშვილმა.
დღის მეორე ლექცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორ ალიკა გუჩუას დაეთმო თემაზე: „ნატოს სამშვიდობო მისიების მნიშვნელობა საერთაშორისო კონფლიქტებში“.
მომხსენებელმა მიმოიხილა ნატოს დაარსებისა და განვითარების ისტორია, საქართველო-ნატოს ურთიერთობები, ორგანიზაციის სამშვიდობო მისიები მსოფლიოს მასშტაბით და მასში საქართველოს ჩართულობის საკითხები.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ზაფხულის სკოლაში, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ტარდება, 13 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 40-მდე სტუდენტია ჩართული.
მსმენელებს ლექციები ერთი კვირის განმავლობაში უტარდებათ, კვირის ბოლოს კი სკოლა გასვლითი აქტივობით დაიხურება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება