21 თებერვალს, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მასშტაბური პროექტის „კონსტიტუციონალიზმის ტრილოგიის“ მესამე საიუბილეო ტომის „პირველი ქართული კონსტიტუციის 100 წელი“ პრეზენტაცია. საიუბილეო კრებული გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერითა და მონაწილეობით.
კრებულის კონცეპტუალური გააზრება, მოწინავე წერილი და საერთო რედაქცია ეკუთვნის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორს მინდია უგრეხელიძეს, ხოლო პროექტის ავტორი და საგამომცემლო მენეჯერია ასოცირებული პროფესორი ბექა ქანთარია.
პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით. საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. კონსტიტუციისა და საიუბილეო კრებულის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მალხაზ მაცაბერიძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა ჯონი ხეცურიანმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა მინდია უგრეხელიძემ და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ბექა ქანთარიამ.
შეხვედრაზე ითქვა, რომ წიგნი თვალსაჩინო ნიმუშია მრავალმხრივი, მნიშვნელოვანი კვლევისა და სასარგებლო გამოცემისა, რომელსაც ძნელად დაეძებნება პრეცედენტი ქართული სამართლის მეცნიერებასა და აკადემიურ პრაქტიკაში. პროექტში ჩართულია და აქტიურად მონაწილეობს მსოფლიოს ყველაზე დაწინაურებული 12 დემოკრატია, რომლებიც განვითარებული კონსტიტუციონალიზმის ნიმუშად არის მიჩნეული. წიგნში განვითარებულია ახალი მეცნიერული იდეები და გამოყენებულია კვლევის ინოვაციური მეთოდები, რომლებიც ამდიდრებენ წარსულის გამოცდილებას და მისაბაძი ნიმუშია ახალი დემოკრატიებისათვის.
საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში წიგნის ავტორებს, აგრეთვე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებს კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სამახსოვრო მედლები გადასცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება