21 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის „მომავალ თაობაში იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობა სამართლებრივი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას პროექტის პირველი ეტაპის გამარჯვებული სტუდენტები, სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები, საჯარო/კერძო სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, თამარ ზარანდია; თინათინ წერეთელის სახელობის სამეცნიერო საზოგადოების ხელმძღვანელი, მაია ივანიძე; იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, გიორგი ხატიძე და სხვა უმაღლესი დაწესებულებების წარმომადგენლები/ სტუდნეტები.
პროექტის ფარგლებში, გაიმართება ტრენერთა ტრენინგი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებისთვის.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა ზაზა სურგულაძემ და ნინი ბულიამ მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ პროექტში, გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე და მოხვდნენ პროექტში მონაწილე 30 სტუდენტს შორის.
ტრენერთა ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ წამყვანი პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი იურისტებისგან მოისმინონ ლექციები შემდეგ თემებზე: „ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელობა და საერთაშორისო სტანდარტები“; „იუსტიციის სამინისტროს როლი სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაში“; „ ბავშვთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები“; „არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვა სისხლის სამართალში“; „პერსონალური მონაცემების დაცვა და არასრულწლოვნები“; „ ბულინგი სკოლებში და მისი პრევენცია“; „ბავშვის დაცვა ოჯახში ძალადობისგან“; „არასრულწლოვანი მოწმე და დაზარალებული სასამართლო პროცესში“; „არასრულწლოვანი უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებებში“; „თავისუფლება და თავისუფლებიდან გაქცევის მექანიზმები“ (ფსიქოლოგი).
პროექტის ფარგლებში, ტრენინგები გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეებისთვის ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება. ტესტირების საფუძველზე გამოვლინდება 8 საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტი, რომლებიც პროექტის ხელმძღვანელებთან ერთად, 2023 წლის მარტის თვეში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს გამართავენ თბილისის, გორის, ლაგოდეხის და ბათუმის სკოლის მოსწავლეებთან.
საგრანტო კონკურსში გამარჯვებული და პროექტის განმახორციელებელია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ა(ა)იპ თინათინ წერეთლის სახელობის სამეცნიერო საზოგადოება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება