24 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (CIU) და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს, რომელსაც ხელი CIU-ს რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და საქართველო ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მოაწერეს, მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და ცნობიერების ამაღლებას.
მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ უნივერსიტეტში ლექცია გამართა და ვრცლად ისაუბრა ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რას საქმიანობს ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტი ამ მიმართულებით.
ფინანსური განათლება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიმართულების ხელშეწყობის მიზნით ეროვნული ბანკის ინიციატივითა და ორგანიზებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და აქტივობა განხორციელდა.
„თუკი შევხედავთ ომისა და პანდემიის შედეგებს, გარდა ადამიანური დანაკარგისა, რომელიც შეუფასებელია, შესამჩნევია მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგიც. საზოგადოების ნაწილი კარგავს სამსახურს, წყვეტს ბიზნესსაქმიანობას, რაც ნეგატიურად აისახება ინდივიდებისა და საოჯახო მეურნეობების შემოსავლებზე და, შესაბამისად, მათი ცხოვრების ხარისხზე. თუკი დავფიქრდებით, როგორ შეიძლება ამ შედეგს გაუმკლავდეს ფინანსური განათლება, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუ სწორად ვმართავთ ფინანსებს, სწორად ვანაწილებთ შემოსავლებს, ვაკეთებთ დანაზოგს, ვქმნით „უსაფრთხოების ბალიშს“, ვახდენთ დივერსიფიცირებულ ინვესტირებას, შოკურ პერიოდებს ბევრად მშვიდად გავივლით და ეს რადიკალურად არ აისახება ჩვენი ცხოვრების დონეზე“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
“კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მხარს უჭერს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების გაძლიერების პოლიტიკას. შესაბამისად, ჩვენთვის პატივია, ეროვნულ ბანკთან მემორანდუმის გაფორმება. მინდა ეროვნულ ბანკს მადლობა გადავუხადო ამ შესაძლებლობისთვის“, - განაცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი აბაშიშვილმა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მხარეებს შორის გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში გაფორმდა. სებ-ის ინიციატივით, კვირეულში საქართველო 2014 წლიდან, მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანასთან ერთადაა ჩართული.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება