4 აპრილს, ნატოს 73 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ნატოს სამმართველოს უფროსის, ვერა ხაჟალიას საჯარო ლექცია გაიმართა.
საჯარო შეხვედრას, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლექციის ფარგლებში, სპიკერმა ნატოს დაარსების ისტორია, მისია და პრიორიტეტები მიმოიხილა, განსაკუთრებული ყურადღება კი, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე გაამახვილა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ნატოში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებთან და ალიანსის რეკომენდაციებთან, მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შემდგომ განვითარებას. თავის მხრივ, საქართველო, როგორც ალიანსის ასპირანტი ქვეყანა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.
ლექციის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა, ასევე სტუდენტებს შორის ნატოსთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე დისკუსია გაიმართა.
ღონისძიებას მოდერაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, თამარა წულეისკირმა გაუწია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება