6-10 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, დოქტორანტურის სამსახურისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, პოლიტიკის მეცნიერებათა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტებისა და პროგრამაში ჩართული პროფესორებისთვის განხორციელდა საგანმანათლებლო, შემეცნებითი და სამეცნიერო ტური ტრაპიზონსა და ტაო-კლარჯეთში, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა მოინახულეს მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები: სუმელას სამონასტრო კომპლექსი, ტბეთი, ხანძთა, არტანუჯი, იშხანი, დოლისყანა, ოთხთა, ენი რაბათი, კავკასიძეების ციხე, ახისის ციხე, ნიხახის ციხე, ოშკი, ხახული, თორთუმის ციხე-ქალაქი და ჩანჩქერი.
ტურის მონაწილეებს კულტურული ძეგლების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას აწვდიდა კავკასიის საერთაშორისო უნივარსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, დოქტორანტურის სამსახურის თანამშრომელი ქეთევან შოშიაშვილი, ამავე ტურის ფარგლებში დოქტორანტებისთვის ჩატარდა სამეცნიერო სემინარი გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე, რომელსაც უძღვებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები: ვახტანგ მაისაია, ნიკა ჩიტაძე, ალიკა გუჩუა. საკითხის აქტუალურობამ განაპირობა დიდი ინტერესი და საინტერესო დისკუსია. დოქტორანტურის სამსახურის უფროსმა, ფილოლოგიის დოქტორმა ნინო მინდიაშვილმა სემინარის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ ყველა მონაწილეს.
პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტები და პროფესურა მადლიერებას გამოხატავენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერისადმი , რომელმაც მათ საშუალება მისცა განეხორციელებინათ მნიშვნელოვანი შემეცნებითი სამეცნიერო ტური ისტორიულ ტაო-კლარჯეთში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება