12 ივლისს „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ეკა გეგეშიძემ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ მოაწერეს.
თანამშრომლობა საერთო აკადემიურ აქტივობებს, სტაჟირებასა და მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისებას მოიცავს.
დღის ფარგლებში „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოსთან“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ბიზნესინკუბატორის“ სახელით კიდევ ერთი მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული თანამშრომლობა ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული პროექტის - „აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“ - ფარგლებში გაფორმდა.
აღნიშნულ დოკუმენტს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან „ბიზნესინკუბატორის“ ხელმძღვანელმა ია ნადირაშვილმა მოაწერა.
რექტორთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა, ასევე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ქეთევან ნანობაშვილი.
ცნობისთვის, „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო" დაფუძნდა 2002 წელს. ის არის „ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს“ წევრი. „ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიო“ აერთიანებს 123 ქვეყნის მსგავს ორგანიზაციებს, რომელთა მიზანია მეწარმეობისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ღირებულებების გავრცელების ხელშეწყობა კერძო სექტორს, განათლების სისტემებსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის პარტნიორული ურთიერთობის გამყარების გზით. „ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს“ პროგრამები აღიარებულია ევროპის კომისიის მიერ როგორც საუკეთესო პრაქტიკა სამეწარმეო განათლებაში. „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ „ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს“ მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე საქართველოში ხელს უწყობს მოქალაქის პიროვნული თავისუფლების გააზრების ხელშეწყობას, ფინანსური წიგნიერების, მეწარმეობის და სამუშაოსთვის მზაობის უნარების ჩამოყალიბების გზით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება