28 იანვარს, კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის სპეციალური ტრენინგი გაიმართა, რომელიც სამაგისტრო ნაშრომის შესრულების წესსა და ანალიტიკურ-კვლევითი მუშაობის დახვეწას ეხებოდა.
ტრენინგზე სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ვახტანგ მაისაიამ და ხელმძღვანელის თანაშემწე ალიკა გუჩუამ მაგისტრანტებს წარუდგინეს სამაგისტრო ნაშრომის შესრულებისა და კომისიაზე დაცვის წესი, სადაც დეტალურად ისაუბრეს მის თითოეულ კომპონენტზე. გააცნეს პროგრამასთან აფილირებული პერსონალის სია, რომელთა არჩევა მაგისტრანტებს შეუძლიათ სამაგისტრო კვლევის ჩატარების მიზნით. შეხვედრის ფარგლებში ალიკა გუჩუამ ჩაატარა ტრენინგი - „საერთაშორისო ურთიერთობების თეორია და მეთოდოლოგიური მიდგომები“, ასევე სტუდენტებს გააცნო თავისი გამოცდილება სამაგისტრო ნაშრომთან დაკავშირებით. თავის მხრივ, ვახტანგ მაისაიამ მაგისტრანტებს საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ანალიტიკური მეთოდების შესახებ ესაუბრა. აქვე განიხილეს რამდენიმე მაგალითი, რომელიც კვლევების განხორციელებისას სხვადასხვა სახის მეთოდების გამოყენებას შეეხებოდა.
შეხვედრის მეორე ნაწილში, მაგისტრანტებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ, რაზეც სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელისა და თანაშემწისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს, დასასრულს კი პროგრამის ხელმძღვანელმა ვახტანგ მაისაიამ მათ „სამაგისტრო ნაშრომის შესრულების გზამკვლევი“ გადასცა, სადაც ასახულია ნაშრომის შესრულების ძირითადი კომპონენტები.
დასასრულს, მსგავსი შეხვედრების რეგულარულად ჩატარება გადაწყდა, მაგისტრანტებს კი განემარტათ სპეციალური გრაფიკი სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელებთან შესახვედრად, სადაც ისინი ინტენსიურად იმუშავებენ სამაგისტრო თემებზე.
შეხვედრას კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების 30 მაგისტრანტი ესწრებოდა, რომლებიც სამაგისტრო ნაშრომებზე ე.წ. „ექვსი სამოდულე“ ფორმატის ფარგლებში მუშაობენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება