ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კატალონიის ენოტურიზმის ინსტიტუტმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) დამფუძნებლები, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ვახტანგ წივწივაძე და უნივერსიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი ესპანეთში ქეთევან გორგილაძე, კატალონიის ენოტურიზმის ინსტიტუტის დირექტორს, ესტერ გარსია ადრადოსს და ინსტიტუტის წარმომადგენელს, ენოტურიზმის სპეციალისტს, საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის საპატიო წევრ ბეგონია ფერნანდეს ბენიტესს შეხვდნენ.
ცნობისთვის, კატალონიის ენოტურიზმის ინსტიტუტი ერთადერთი უმაღლესი სკოლაა ევროპაში, რომელიც თავის სტუდენტებს ფასიან პრაქტიკაზე უშვებს და სურვილის შემთხვევაში, თავისივე პარტნიორ კომპანიებში ასაქმებს. ინსტიტუტის დირექტორმა სტუმრებს სასწავლებლის შენობა, სასწავლო ოთახები და ძველი, რელიქვიად შემორჩენილი ლაბორატორიები დაათვალიერებინა (შენობა 1903 წელსაა დაარსებული და იმ პერიოდში გაჩენილი ვაზის დაავადება „ფელომენას“ წინააღმდეგ მებრძოლ ცენტრს წარმოადგენდა).
აღსანიშნავია, რომ კატალონიის ენოტურიზმის ინსტიტუტი ქართველ პარტნიორებს სთავაზობს მათზე მორგებულ პროგრამასა და სასწავლებელში მიღების გამარტივებულ გზებს. ინსტიტუტი არის ორწლიანი, სადაც პირველი წელი თეორიას, მეორე კი მთლიანად ანაზღაურებად პრაქტიკას ეთმობა. ინსტიტუტში შესაძლებელია შემდეგი პროფესიების არჩევა: ტურისტული გიდი; ღონისძიებების ორგანიზატორი; ტურისტული კომპანიების შექმნა და მართვა; ტურისტული კომუნიკაცია და მარკეტინგი. სწავლა მიმდინარეობს როგორც ესპანურ, ისე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სპეციალურად შედგენილი პროგრამით, ინგლისურ ენაზე. მათთვის, ვინც ენას არ ფლობს, სასწავლო პროგრამა ორწლიანის ნაცვლად, სამწლიანი გახდება - პირველი წელი მხოლოდ ენის შესწავლას დაეთმობა.
მთლიანი სასწავლო პროგრამის ნაცვლად, ასევე შესაძლებელია სტუმარი სტუდენტის სტატუსით სარგებლობა და სასურველი ვადით არჩეულ საგნებზე დასწრება. გარდა ამ სასწავლო პროგრამისა, ენოტურიზმის ინსტიტუტი, ბეგონია ფერნანდეს ბენიტესის ხელმძღვანელობით, საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციასთან ერთად, აქტიურად ჩაერთო საქართველოში ენოტურიზმის ტრენინგების მომზადებაში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება