20 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების აკადემია“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) მოდელირებით დასრულდა.
პროექტში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები იღებდნენ. მონაწილეებმა სხვადასხვა ქვეყნის დელეგატის როლი მოირგეს და რუსეთ-უკრაინის მიმდინარე კონფლიქტის განსახილველად გაეროს ორ კომიტეტში - განიარაღებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების კომიტეტი / სოციალურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ საკითხთა კომიტეტი - გადანაწილდნენ.
თითოეულმა კომიტეტმა გაეროს მოდელირების პლენარულ სესიაზე კომიტეტში მომზადებული დარგობრივი რეზოლუცია წარადგინა, საბოლოოდ კი რეზოლუციები მხათა უმრავლესობით დამტკიცდა.
ღონისძიების დაწყებამდე პროექტის მონაწილეებს მიესალმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით გვეტაძე.
მოდელირების პროექტს კოორდინაცია გაუწია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა ალიკა გუჩუამ. მანვე მოდელირებამდე პროექტის მონაწილეებისთვის ჩაატარა ონლაინტრენინგები, რომლებიც კონფლიქტებსა და ეფექტიან მოლაპარაკებებს ეხებოდა.
გაეროს მოდელირებაზე კომიტეტებს ხელმძღვანელობდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტები: თეონა ლეჟავა, თამარ ოყუჯავა, ანი გაგნიძე, რუსუდან ზარიძე, ხოლო კონსულტაციის ნაწილში პროექტში აქტიური მონაწილეობა მიიღო პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტმა ბექა მანაგაძემ.
„დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების აკადემია“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტისა და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება