კაცი ბავშვის გულით...
(რევაზ ბალანჩივაძის ხსოვნას)
იქნებ, მართალია, რომ „დიდი კაცი მხოლოდ ის არის, ვისაც ბავშვური გული არ დაუკარგავს“.
და თუ ეს მართლაც ასეა, რევაზ ბალანჩივაძე - ჩვენი ბატონი რეზო - უდავოდ დიდ ადამიანად დარჩა ბოლომდე.
მისი ყოველი დღე, ყოველდღიურობა და თანაცხოვრება ამ ყოველდღიურობაში ამის დასტურია - სიკეთითა და სინათლით, ბავშვური აღტაცებითა და ერთგულებით დაასრულა თავისი დღენი; დღენი, სავსე უამრავი ისტორიით, სიხარულით, წინააღმდეგობით, ტკივილით, ადამიანური განცდით.
უნივერსიტეტის პირველი სართულიდან ბოლო, მე-7 სართულამდე ღიმილი მიაცილებდა მუდამ; ღიმილი კოლეგების, მეგობრების, სტუდენტების... იმ სტუდენტების, დღეს დილიდან ყველაზე გულწრფელად რომ გამოხატავენ სინანულს ბატონი რეზოს გარდაცვალების გამო... „გვახსოვხართ. გვიყვარხართ. მადლობა“ - ასეთი ასობით წერილია მიმოფენილი ბატონი რეზოს ხსოვნისადმი...
და რა არის იმაზე დიდი ბედნიერება, ამქვეყნიდან საგზლად წაიღო უამრავი ადამიანის მახსოვრობაში გადასვლა, მათი სიყვარული და მადლიერება...
ათეული წელია ჩვენი კოლექტივის ნაწილია.
ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები ბატონ რეზოსთან ერთად სწავლობდნენ ფილოსოფიურ აზროვნებას.
და, განა, რა არის ამაზე მნიშვნელოვანი?
ბერტოლდ ბრეხტიც ხომ ამას წერდა? – „ყველაზე მთავარია, ადამიანს ვასწავლოთ აზროვნება“...
ჩვენამდე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტამდე, ბატონი რეზო, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის გამგე (1986 წლიდან), ყოველდღიურად ამტკიცებდა იმ ჰეგელისეულ ჭეშმარიტებას, რომ „ადამიანი უკვდავია თავისი ცოდნით. ცოდნა და აზროვნებაა მისი ცხოვრების საფუძველი და უკვდავების გარანტი.“
ამ ცოდნით დიდი გზა გაიარა ფილოსოფოსმა, ანთროპოლოგმა, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა (1982), პროფესორმა (1987) რეზო ბალანჩივაძემ 1938 წლის 7 ნოემბრიდან 2024 წლის 16 ნოემბრამდე...
გზა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტიდან (1960) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტებამდე (1961-1976), სხვადასხვა პარტიულ თანამდებობამდე (1976-1982), გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორობამდე (1982-1984), საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსობამდე...
თუმცა, ყველაზე მეტად მაინც იაკობ გოგებაშვილის პრემიით ამაყობდა...
ასე მოვიდა ჩვენამდეც - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტამდე.
მოვიდა და გვაჩვენა, რომ „ადამიანს აქვს ძალა წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე“...
დაგვიმტკიცა, რომ „კაცი ის არის, რისიც სწამს“ და წავიდა...
წავიდა სიმბოლურად - ბარბარობის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე....
წავიდა, როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი ემერიტუსი! (2021 წლიდან სიკვდილამდე)...
დღეს უცნაური სიჩუმეა დილიდან უნივერსიტეტში; სიჩუმე, როგორც ერთგვარი პატივისცემა, სიყვარული ბატონი რეზოსადმი...
სიტყვები თითქოს სადღაც გაიბნა. დაიკარგა.
ოტია იოსელიანზე დაუწერია, ნამდვილი მოძღვართმოძღვარი იყოო...
ისიც ერთგვარი მოძღვარი იყო - ჩვენი სტუდენტების აზროვნების გზის გამკვალავი; კაცი ბავშვის გულით...
მომავალში კიდევ მეტი დაიწერება მასზე...
მომავალშიც კიდევ ბევრჯერ ვიტყვით - „გვახსოვხართ. გვიყვარხართ. მადლობა“...
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება