19 ივლისს ხორვატიის ქალაქ სპლიტში ფუტსალში ევროპის 2023 წლის საუნივერსიტეტო ჩემპიონატი გაიხსნა.
პომპეზურ გახსნის ცერემონიალს 500-მდე სპორტსმენი და საპატიო სტუმარი დაესწრო, მათ შორის, ხორვატიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ხორვატიის აკადემიური სპორტული ასოციაციისა და ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციის მაღალჩინოსნები.
ჩემპიონატის საზეიმო გახსნის ცერემონიალში საქართველოს სახელით მონაწილეობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია.
20 ივლისს CIU-ს ფუტსალის გუნდი ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში პოლონურ გდანსკის უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა.
მატჩის მე-3 წუთზე სტუმრები სიმონ კუზიომ დააწინაურა, რასაც მე-13 წუთზე ბექა ბექაურის საპასუხო გოლი მოჰყვა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის მეორე ტაიმში „კავკასიელები“ წინ ლუკა ფარცვანიას მიერ 35-ე წუთზე გატანილი გოლით გავიდნენ, რასაც ოთხ წუთში სტუმართა მხრიდან კაროლ მაიჩრზაკმა პენალტის ნიშნულიდან უპასუხა. ჩვენმა გუნდმა ერთ წუთში ნიკა მანგოშვილის გოლით ისევ მოახერხა დაწინაურება, თუმცა მატჩის ბოლო წამებზე კაროლ მაიჩრზაკმა ისევ მოახერხა გათანაბრება და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა.
ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი 21 ივლისს, თბილისის დროით 19:00 სთ-ზე, გერმანულ მაინცის უნივერსიტეტთან გამართავს.
CIU-ს ფუტსალის გუნდი ტურნირში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფინანსებითა და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თანადაფინანსებით მონაწილეობს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება