კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტები - ნიკა მარკოიძე, ალექსანდრე ბეგიაშვილი, გიორგის ხატიაშვილი და ბექა ვანაძე - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დასაქმდნენ.
ისინი პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით საგამოცდო პროცესში ჩაერთვებიან და ყველაზე დიდ საგამოცდო ცენტრს მოემსახურებიან.
სტუდენტები და CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ქეთევან ნანობაშვილი, გვესაუბრებიან იმ ფაქტორებზე, რომლებმაც პირველკურსელთა დასაქმებაში მთავარი წვლილი შეიტანა.
„აღსანიშნავია, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგის სწრაფად განვითარებად ტემპთან შერწყმულია საუნივერსიტეტო სასწავლო გარემო, რაც სრულ თანხვედრაშია თანამედროვე სტანდარტებთან. იმ საგნებს, რასაც პროგრამის ფარგლებში გავდივართ, ადაპტირებულია ბაზრის მოთხოვნებთან, შესაბამისად, ჩვენი დასაქმების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორედ ეს არის. ასევე, უნდა აღინიშნოს სტუდენტზე მორგებული გრაფიკი, რაც სწავლასთან ერთად, დასაქმებას აადვილებს“, - აღნიშნავს ნიკა მარკოიძე.
„ყოველ დღე სიხარულით მინდა აქ მოსვლა, რადგან ეს პროგრამა მაძლევს განვითარების მუდმივ შესაძლებლობას. აღსანიშნავია, მაღალკვალიფიციურ, პრაქტიკოს ლექტორებთან ურთიერთობა და ის გამოცდილება, რასაც მათგან ვიღებთ,“ - აღნიშნავს ბექა ვანაძე.
როგორც ფაკულტეტის დეკანი ქეთევან ნანობაშვილი ამბობს, ეს გამოცდილება სტუდენტებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება როგორც პროფესიული, ისე ადამიანური ურთიერთობების კუთხით. „ჩვენს დარგში გამოკვეთილია ტენდენცია, რომლის მიხედვითაც ორიენტირი კეთდება უნარებზე დაფუძნებულ პროგრამებზე. ჩვენი სტუდენტები პროექტებს ქმნიან გრაფიკულ დიზაინში, ბაზებში, ქსელებში, მობილურ აპლიკაციებში, საბოლოოდ კი, კონკურენტუნარიანი პორტფოლიოს შექმნის შედეგად, წარმატებით დასაქმების მაღალი ალბათობაა. ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამის უნიკალურობა სწორედ უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული სწავლებაა“.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიების ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამასთან ერთად, მომავალი სასწავლო წლიდან, ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამაც ამოქმედდება. მუდმივად იზრდება პრაქტიკურ უნარებზე ორიენტირებული სწავლების შესაძლებლობები, რაც ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ტექნოლოგიურ სიახლეებსა და მზარდ საერთაშორისო კონტაქტებში აისახება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება