კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს (CIU) ალკალას უნივერსიტეტის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით ესტუმრა: მიგელ კამბასი - ალკალას უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის საპატიო პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი; ბლანკა გარსია - ალკალას უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის ტურიზმისა და მარკეტინგის პროფესორი; იოლანდა გარსონი - ალკალას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის კოორდინატორი ერასმუს+ ფარგლებში შემავალი სტუდენტების მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში ალკალას უნივერსიტეტის წარმომადგენლები CIU-ს რექტორს, კახაბერ კორძაიას შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თამარ ლაღიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინატორი, სვეტლანა კირაკოსიანი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის განვითარება ერასმუს+ის ფარგლებში, თანამშრომლობის დაწყება “ჰორიზონტი 2020-ის“ ფარგლებში კვლევების მიმართულებით, ორმაგი დიპლომის პროგრამების შემუშავება ბიზნესის მიმართულებით, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების მოკლევადიანი პრაქტიკები და ერთობლივი ტრენინგების ჩატარება ღვინის ტურიზმის მიმართულებით.
შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა CIU-ს სასწავლო ინფრასტრუქტურა და კვლევითი ლაბორატორიები დაათვალიერეს.
მოგვიანებით კი გაიმართა ალკალას უნივერსიტეტის პროფესორების მასტერკლასი თემაზე: „ღვინის ტურიზმი“, სადაც ძირითადი განსახილველი თემები იყო: პროდუქტის სტრატეგიების შემუშავება ექსპერიმენტული ტურიზმის აღნიშნული სახეობისთვის; ესპანეთის მოდელები: რიოხა, რიბერა დელ დუერო, ხერესი, სხვა (სპიკერი - ბლანკა გარსია); ვინ არიან ღვინის და გასტრონომიული ტურისტები? რას ეძებენ ისინი? ესპანეთის, საფრანგეთის და აშშ-ის მოდელები (სპიკერი - მიგელ კამბასი).
მასტერკლასს CIU-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მევენახეობა-მეღვინეობისა და ტურიზმის მიმართულების სტუდენტები, კურსდამთავრებულები და აბიტურიენტები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასასრულს, მასტერკლასის თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება