ხონის კულტურის ცენტრში ღირსების ორდენის კავალერის, ხონის საპატიო მოქალაქის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ლიანა ღოღობერიძის 95 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული საბჭოს გადაწყვეტილებით ღვაწლმოსილ პედაგოგს ფულადი ჯილდო გადაეცა. მასწავლებელს იუბილე კანცლერმა, ვახტანგ წივწივაძემ მიულოცა და როგორც საზოგადოება ხონელის საპატიო თავმჯდომარემ, ორგანიზაციის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ამაგდარი ხონელის“ წოდება მიანიჭა.
ლიანა ღოღობერიძე სასკოლო განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და დამსახურებისათვის ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ დაასაჩუქრა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან საპატიო სიგელი და სპეციალური ჯილდო პედაგოგს ადგილობრივი რესურსცენტრის უფროსმა გადასცა.
საზეიმო ღონისძიებაზე იუბილარს სიტყვით მიმართეს კოლეგებმა, მოსწავლეებმა, ადგილობრივი რესურს ცენტრისა და მერიის წარმომადგენლებმა, ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა. გამოსვლისას მომხსენებლებმა მასწავლებლის პედაგოგიურ მიღწევებსა და პიროვნულ თვისებებზე ისაუბრეს.
საიუბილეო საღამოს ხონის საპატიო მოქალაქე, გაზეთ „ხონელის“ მთავარი რედაქტორი ჯემალ გორდულაძე უძღებოდა. ღვაწლმოსილი პედაგოგის პატივსაცემად ხონის კულტურის ცენტრის მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს. საღამოს მუსიკალურად მგალობელთა გუნდი აფორმებდა.
ღონისძიება საზოგადოება ხონელის ინიციატივითა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება