27 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ნიაგარას კოლეჯის (კანადა) პარტნიორობის ფარგლებში, CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტს ნიაგარის კოლეჯის დელეგაცია ესტუმრა.
ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ნიაგარას კოლეჯის მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მაიჯა საარი, პროფესორი გავინ რობერტსონი და ამავე ფაკულტეტის სტუდენტები.
უნივერსიტეტში ვიზიტი ითვალისწინებდა ერთდღიან თეორიულ და პრაქტიკულ სასერტიფიკატო კურსს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის“ შესახებ. კურსი მოიცავდა სხვადასხვა აქტივობებს: სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის - „საქართველო ღვინის სამშობლო“ - ჩვენებას; აგრარულ მეცნიერებათა დოქტორის, CIU-ს ასისტენტ პროფესორის, შენგელი კიკილაშვილის მასტერკლასს თემაზე: „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურა“; ღვინის ექსპერტის, CIU-ს ასისტენტ-პროფესორის, გიორგი სამანიშვილის მასტერკლასს თემაზე: „ქართული ღვინის მრავალფეროვნება - ქვევრის ღვინის თავისებურებები“; სერტიფიცირებული სომელიეს, CIU-ს მოწვეული ლექტორის, საბა ქიტიაშვილის სადეგუსტაციო მასტერკლასს.
დელეგაციას მიესალმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი ოლანი გოცირიძე, რომელმაც ფაკულტეტის განვითარებისა და ქართული სტუმარ-მასპინძლობის შესახებ უამბო ვიზიტორებს.
სტუმრებმა მოინახულეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ინფრასტრუქტურა, კერძოდ: მევენახეობის ლაბორატორია, ენოქიმიის ლაბორატორია, ვაზისა და ღვინის მიკრობიოლოგიის ლაბორატორია, ექსპერიმენტული მიკროვინიფიკაციის ლაბორატორია, სადეგუსტაციო კაბინეტი და მარანი.
სტუმრებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შესაძლობლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული სუფრის გამორჩეული კერძები, ასევე მათ საჩუქრად CIU-ს მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ წარმოებული ღვინოები გადაეცათ.
ცნობისთვის, ნიაგარას კოლეჯის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 23 აპრილს დაიწყო და 7 მაისამდე გაგრძელდება. ტურის ფარგლებში საქართველოს 8000 წლიანი მეღვინეობის ტრადიციით დაინტერესებული კანადელები, ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქთან ერთად სხვადასხვა რეგიონს, ღვინის ეროვნულ სააგენტოს, ღვინის მუზეუმს, მეღვინეობებს, რესტორნებსა და ეკლესია-მონასტრებს სტუმრობენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება