3 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი თაობის მწერალი, ბესტსელერის - „აღიარება ხელისგულზე“ - ავტორი, თათული ღვინიანიძე შეხვდა.
ავტორმა ისაუბრა საკუთარ შემოქმედებით ცხოვრებაზე, წიგნებსა და მათ პერსონაჟებზე. ბესტსელერთან ერთად თათული ღვინიანიძემ თავისი ახალი წიგნი - „ერთი კვირა ერთ ოთახში“ - მიმოიხილა.
შეხვედრის ფარგლებში, გაჟღერდა ბევრი საინტერესო კითხვა, რამაც აუდიტორიაში მწერალსა და სტუდენტებს შორის აქტიური ინტერაქცია გამოიწვია.
„ძლიერი სახელმწიფო დგას განათლებულ ახალგაზრდებზე. სწორედ მათ შეუძლიათ მოიტანონ ძირფესვიანი, პოზიტიური ცვლილებები ქვეყანაში და შექმნან ჯანსაღი სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლიანობის, თანასწორობისა და სწრაფი (მაგრამ ხარისხიანი) განვითარების პრინციპზე. ვფიქრობ, მსგავსი შეხვედრები სწორედ თვალსაწიერის გაფართოებას, შემეცნებასა და თვითგამორკვევას ემსახურება, რაც საბოლოოდ თითოეულ მათგანს ეროვნულად მოაზროვნე პიროვნებად ჩამოაყალიბებს; ინდივიდად, რომელიც პატივს სცემს კოლექტიურ გონს, ემსახურება საერთო მიზნებს, იბრძვის ეროვნული თავისუფლების შესანარჩუნებლად და, ამასთანავე, პიროვნულ წითელ ხაზებს იცავს - სათავისო ბედნიერებისა და პოტენციალის სრული რეალიზებისთვის მუხლჩაუხრელად შრომობს.
დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. დაუვიწყარი შეხვედრა იყო - უამრავ ნათელ გონებასა და სუფთა სულს შევხვდი! ისინი მზად არიან იმოგზაურონ საკუთარ თავსა და გარესამყაროში, შეიცნონ ცხოვრება და ბუნების კანონზომიერებანი. სიამაყით ვივსები იმის გაფიქრებისას, რომ ამ დიდებულ და დიად პროცესებში მცირეოდენი წვლილის შეტანის საშუალება მომეცა. ჩემს თანატოლებს და კიდევ უფრო ახალგაზრდებს მინდა ვუსურვო თავისუფალ საქართველოში ცხოვრება, ნიჭის გამომჟღავნების შანსები და კუთვნილი ბედნიერება, რაც გამორიცხულია შინაგანი ჰარმონიის გარეშე - შესაბამისად, ვუსურვებ ღრმად დამალულ დემონებთან მორიგებას, საკუთარი თავის შეყვარებასა და მორალური დილემების ზნეობრივად გადაწყვეტას,“ - აღნიშნა თათული ღვინიანიძემ.
საჯარო შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბების გაერთიანება - „Magnum Opus“ - ინიციატივით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება