25 მაისს, ქ. ვილაფრანკაში (კატალონია, ესპანეთი), ქალაქის მერიისა და ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, „ქართული ღვინისა და კულტურის დღეები“ გაიმართა.
ღონისძიება „ბარსელონას ენოტურიზმის ინსტიტუტის“, „საქართველოს ენოტურიზმის ასოციაცია - GETA-ს“ და ქართველი სტუდენტების ორგანიზირებით გაიმართა და მიზნად ისახავდა ქართული კულტურის, გასტრონომიისა და ღვინის პოპულარიზაციას.
ღონისძიების დაწყებამდე, ქალაქის ვიცე-მერმა ჯემა რომეუმ უმასპინძლა საქართველოს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: საქართველოს გენერალური კონსული ქ. ბარსელონაში ალექსანდრე ჭკუასელი, ვიცე-კონსული ლია ახალბედაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, „საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელი ვახტანგ წივწივაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენელი ესპანეთში ქეთევან გორგილაძე და „საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი მარიკა შარაბიძე.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები, რაც ესპანეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციას ეხება. გადაწყდა, რომ „საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის“ ეგიდით ქართულ მეღვინეობებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი პროდუქცია წარადგინონ ვილაფრანკას ყოველწლიურ ღვინის ფესტივალზე. ასევე, აღსანიშნავია, რომ კატალონიის ღვინის კულტურის მუზეუმში გამოიყოფა ქართული კუთხე. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გაცვლითი პროგრამები და ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობები, ასევე, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება ვილაფრანკას მერიასა და ქართულ მეღვინეობებს შორის.
ამავე დღეს, „ქართული ღვინისა და კულტურის დღეების“ ფარგლებში, „საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელმა ვახტანგ წივწივაძემ ექვსი მარანი და ღვინის კომპანია წარადგინა. ესენია: „ეთნო ოკამი“; „შატო მუხრანი“; „შუმი“; „მტევინო“; „ნაბერაული“; „გაზაფხულის მინდვრები (Spring Fields)“, მოგვიანებით კი სომელიებისა და ღვინის სპეციალისტების ჩართულობით, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება