CIU აცხადებს კონკურსს „STARMUS“-ის საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალში CIU-ს სტუდენტების და კურსდამთავრებულების მონაწილეობის სრული დაფინანსებისთვის
„STARMUS Festival - 6 Edition“, 5-10 სექტემბერს ქალაქ ერევანში გაიმართება. წლევანდელი ფესტივალის თემაა „50 წელი მარსზე“ (STARMUS VI – 50 Years on Mars) და ის „MARS 3“ მისიის პირველი დაშვების 50 წლის იუბილეს ეძღვნება. ფესტივალი განკუთვნილია ზოგადი აუდიტორიისთვის და არა მხოლოდ დარგის სპეციალისტებისთვის.
„STARMUS“ ფესტივალი საერთაშორისო პლატფორმაა სამეცნიერო კომუნიკაციისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წასახალისებლად. ფესტივალის ფორმატი მოიცავს სამეცნიერო დებატებს, პანელურ დისკუსიებს, გამოფენებს, კონცერტებს, ფილმების ჩვენებას და მრავალ სხვა აქტივობას. წლევანდელი „STARMUS“-ის ფარგლებში, მოხსენებით წარდგებიან ნობელის პრემიის ლაურეატები: ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიზიკოსი კიპ თორნი, ემანუელ შარპენტიე, დონა სტრიკლენდი, ედვარდ მოზერი, მიშელ მეიორი, აპოლონის ასტრონავტი ჩარლი დიუკი, ასტრონავტი კრის ჰედფილდი, რომელმაც პირველად დაუკრა გიტარაზე კოსმოსიდან, ჩარლზ ბოლდენი და აიპოდის გამომგონებელი ტონი ფადელი, ასევე, წლევანდელი ფესტივალის სტუმარი ნასას ასტრონავტი ჯიმ ბაღიანი იქნება.
საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალი „STARMUS“ ასტროფიზიკოსმა გარიკ ისრაელიანმა და Queen-ის ლეგენდარულმა გიტარისტმა, ასტროფიზიკოსმა ბრაიან მეიმ დააარსეს. ფესტივალი ასოცირდება ბრიტანელი ფიზიკოსისა და ასტროფიზიკოსის – სტივენ ჰოკინგისა და მსოფლიოში ცნობილი მხატვრების, მეცნიერებისა და მუსიკოსების სახელებთან.
ფესტივალი პირველად 2011 წელს, ტენერიფეში (კანარის კუნძულები, ესპანეთი) გაიმართა და მას შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება. დღეს „STARMUS“-ი საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს ცნობილ მეცნიერებს, ნობელის პრემიის ლაურეატებს, ასტრონავტებს, ხელოვანებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას, ცოდნასა და უახლეს გამოგონებებს უზიარებენ ახალ თაობებს იმ მიზნით, რომ მათი შთაგონება მეცნიერების სამყაროსკენ მიმართონ.
ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა გამოგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე (მაქსიმუმ 400 სიტყვა) სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: science@ciu.edu.ge
ფესტივალის თარიღიდან გამომდინარე კონკურსი ტარდება შემჭიდროვებულ ვადებში 23-29 აგვისტოს. შედეგები ცნობილი იქნება 31 აგვისტოს. დაფინანსებისთვის შეირჩევა ორი აპლიკანტი.
ფესტივალის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: STARMUS Festival
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება