საქართველოს პარლამენტში აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ბაზაზე მომზადებული სასწავლო-შემეცნებითი ფილმების ციკლის - „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ პრომოს ჩვენება გაიმართა.
საზეიმო მიღება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა გახსნა, მარიამ ლორთქიფანიძეს იუბილე მიულოცა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.
მისასალმებელი სიტყვის შემდეგ აუდიტორიამ ნინო კაკულიას ფილმი „ისტორიამ რა ჰქმნა?“ იხილა. ის მარიამ ლორთქიფანიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას შეეხებოდა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმაც მიმართა. გიორგი შარვაშიძის თქმით, მარიამ ლორთქიფანიძის ღვაწლი ქართულ მეცნიერებასა და საგანმანათლებლო სივრცეში მნიშვნელოვანი და სამაგალითოა.
აკადემიკოსს იუბილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა სულხან მელაძემაც მიულოცა და უნივერსიტეტის სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
სიტყვით გამოსვლისას მარიამ ლორთქიფანიძის ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ ყურადღება ქვეყნისათვის მისივე ისტორიის გააზრების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, მარიამ ლორთქიფანიძის ოჯახი, მეგობრები და კოლეგები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება