კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მედიასტუდია „დროს“ ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისათვის სამდღიანი ტრენინგი - „ჟურნალისტიკის ზოგადი კურსი“ - ჩატარდა.
30 ივნისს ტრენინგის დასკვნით შეხვედრას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
„ჟურნალისტიკის ზოგადი კურსის“ მიზანი იყო ჟურნალისტიკის სფეროში მომუშავე წარმატებული ადამიანების დახმარებით, მოსწავლეებისათვის სხვადასხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გაცნობა და ჟურნალისტური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, როგორებიცაა: ინფორმაციის მოძიება - დამუშავება, საგაზეთო სტატიისა და ნიუსის წერა, ინტერვიუირება, სიუჟეტების მომზადება და ბლოგის წარმოება.
მესამე დღეს ტრენინგს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის წამყვანი პროფესორები ნინო ჭალაგანიძე, სულხან მელაძე და რუსუდან კვარაცხელია გაუძღვნენ და მოსწავლეებს ტრენინგი შემდეგ სამ თემატიკაზე ჩაუტარეს: „მულტიმედია“, „სატელევიზიო გადაცემების მომზადების ტიპები“ და „ვიზუალური მედია“.
ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები, ტრენერებსა და რექტორს კი მადლობის ფურცელი უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ და სასახლის დირექტორის მოადგილემ მაია ჩიმაკაძემ გადასცეს.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მოსწავლეები უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის საქმიანობას გაეცნენ, დაათვალიერეს ტელე და რადიო სტუდიები, სამონტაჟოები.
ღონისძიება სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველი დღე მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჩატარდა, მეორე დღე კი ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში გაიმართა.
აღნიშნული აქტივობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება