კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო სივრცეში გამორჩეულია პრაქტიკულ სწავლებაზე ორიენტირებული აქტივობებით. ამის ერთ-ერთი მაგალითია ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სპეციალობის სავალდებულო სასწავლო კურსი „ტუროპერეიტინგი“, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ტუროპერატორების საქმიანობის ორგანიზებას ეუფლებიან. კურსი მთელი სემესტრის მანძილზე მოიცავს ექსკურსიებსა და პროფესიულ ტურებს, თუმცა მიმდინარე კოვიდპანდემიის გამო, აქტივობების დიდი ნაწილი შეიზღუდა.
„ტუროპერეიტინგის“ საგნის ლექტორმა და ამავე დროს, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ლალი მიქელაძემ მიმდინარე სემესტრში სასწავლო კურსი კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით პრაქტიკული კომპონენტებით დატვირთა. სტუდენტები დაწყვილდნენ (ჯგუფში 2 სტუდენტი), რომლებსაც დავალება მიეცათ დაეფუძნებინათ იმიტირებული ტურისტული კომპანია და შეექმნათ შესაბამისი გვერდი ინტერნეტსივრცეში. 14 კვირის განმავლობაში სტუდენტებს ეძლეოდათ სალექციო თემატიკასთან დაკავშირებული პრაქტიკული დავალებები, რაც კომპანიის გვერდზე ისახებოდა. მხოლოდ სასწავლო კურსის დასასრულს, მე-15 კვირაში გაიმართა კომპანიების პრეზენტაცია, რათა დაცული ყოფილიყო ყველა ჯგუფის ექსკლუზიური შემოქმედებითი მონაცემები.
სტუდენტთა მოტივაციის გასაძლიერებლად ლალი მიქელაძემ დააწესა ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის პრიზი, შესაბამისად, გამოვლინდა 3 საუკეთესო იმიტირებული ტურისტული კომპანია, რომელთა „დამფუძნებელი“ ბაკალავრები 18 ივნისს, ძველ თბილისში, აბანოთუბანში დაჯილდოვდნენ. სტუდენტებს ასევე საუნივერსიტეტო ბრენდირებული საჩუქრები გადასცა კსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა.
ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
პირველი ადგილი: მარია სარქისოვა, თათია ვახტანგიშვილი, კომპანია: Incredible Adventure
მეორე ადგილი: ლაშა საძაგლიშვილი, იზა გეგელაშვილი, კომპანია: Albatross-ალბატროსი
მესამე ადგილი: ეთუნა ბაციაშვილი, სალომე მანძულაშვილი, კომპანია: Zebra Travel
დაჯილდოვების შემდეგ ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ძველ თბილისში „კლდის უბნის“ ტური განახორციელეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება