7 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში აკადემიკოს მინდია უგრეხელიძის 80 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა და საიუბილეო წიგნის „Liber Amicorum - მინდია უგრეხელიძე 80“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება იუსტიციის სამინისტროსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
წიგნისთვის მასალები მოიძია, რედაქციულად დაამუშავა, გამოსაცემად მოამზადა და შესავალი წერილი დაურთო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ბექა ქანთარიამ. წიგნი გამოქვეყნდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.
პრეზენტაცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. სიტყვით გამოვიდნენ ჟურნალისტი თამარ ცაგარეიშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი-მდივანი რამაზ ხუროძე, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თედო ნინიძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ხატიძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბექა ქანთარია. საზოგადოებას სამადლობელი სიტყვით მიმართა აკადემიკოსმა მინდია უგრეხელიძემ.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, წიგნი მნიშვნელოვანი შენაძენია ქართული სამართლის მეცნიერებისთვის, ვინაიდან ის საფუძველს უყრის სრულიად ახალ დისციპლინას - სამართლის პერსონოლოგიას. ნაშრომში ასახულია არა მხოლოდ აკადემიკოს მინდია უგრეხელიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მომენტები, არამედ წარმოჩენილია ეპოქის სამართლებრივი სულისკვეთება და ქართული სამართლის მეცნიერებაში არსებული მნიშვნელოვანი მიღწევები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება