10 ოქტომბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხ პალასში“ გაიხსნა ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ოპერირებადი „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის“ მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენცია. ღონისძიება იმართება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით „ღვინის დღეების“ ფარგლებში სახელწოდებით - „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები“. ღონისძიებაში მონაწილეობენ წამყვანი ქართველი და უცხოელი ინსტიტუტების მეცნიერები, რომლებიც სწავლობენ საქართველოს ვაზსა და ღვინოს სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინების საშუალებით.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები: რექტორი - კახაბერ კორძაია, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - სესილი გოგიბერიძე, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი - ოლანი გოცირიძე, კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი და პროექტის განმახორციელებელი, დავით მაღრაძე და ფაკულტეტის სამეცნიერო/აკადემიური პერსონალი.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ნოდარ პაპუკაშვილი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმატებები მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების, სამეწარმეო და სამეცნიერო საქმიანობისათვის ხელშეწყობის საქმეში.
„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ძალიან მოკლე დროში შექმნა სასწავლო გარემოს სანიმუშო კონცეპტუალური მოდელი, რომელიც ემყარება მდიდარ და მულტიფუნქციურ მატერიალურ ბაზას, მოწინავე ევროპული უნივერსიტეტების სტანდარტით შექმნილ საგანმანათლებლო პროგრამებს, მაღალკვალიფიციურ აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს.
უნივერსიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა ქვეყანაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების გათვალისწინებით განათლების ხარისხზე ორიენტირებული საქმიანობა. მასშტაბური ინვესტიციებით, კერძო მეწარმეობის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წამახალისებელი ინიციატივებით, საგრანტო პროექტების თანადაფინანსების მექანიზმის ამუშავებით, საქართველოსა და უცხოეთის აკადემიურ ცენტრებთან, სახელმწიფო უწყებებთან კონსტრუქციული თანამშრომლობით, ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის გაწეული საქმიანობით უნივერსიტეტმა ახალი სტანდარტი დაამკვიდრა.
მიღწევათა შორის უნდა გამოვყოთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ღვინო „ოკამისთვის“ ადგილწარმოშობის სტატუსის მინიჭება,“ - განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.
სამეცნიერო კონფერენცია მუშაობას 14 ოქტომბერს დაასრულებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება