7 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ქართული დიპლომატიის კვირეული“ გაიხსნა.
გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ნანა ამირანაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ალიკა გუჩუა. მათ სტუდენტებს კვირეულის შინაარსი გააცნეს და მათი პროფესიული განვითარებისთვის დაგეგმილ ღონისძიებათა მნიშვნელობის შესახებ ესაუბდნენ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, გიორგი ფარეშიშვილმა, ხაზი გაუსვა სტუდენტთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის კვირეულის მნიშვნელობას, ასევე მათთვის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით ცნობიერების ამაღლებას.
კვირეულის პირველი ლექცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელს, ნინო ჭაბაშვილს დაეთმო თემაზე: ,,დიპლომატიური კარიერა და პროფესიული განვითარების პერსპექტივები".
სპიკერმა მიმოიხილა საგარეო საქმეთა სამინისტროს, საელჩოებისა და საკონსულოების სტრუქტურა, დიპლომატიური კარიერის საფეხურები და დასაქმების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის/კურსდამთავრებულებისთვის.
ამავე დღეს კვირეულის ფარგლებში დაიწყო სამდღიანი ტრენინგკურსი თემაზე: „დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი“, რომელსაც უძღვება ექსპერტი დიპლომატიური პროტოკოლისა და ეტიკეტის საკითხებში, გიორგი ვაშაკიძე.
კურსი მოიცავს დიპლომატიური პროტოკოლისა და ეტიკეტის სისტემური საფუძვლების გაცნობას; სახელმწიფო სიმბოლიკის გამოყენების წესებს; შეხვედრების, პრესკონფერენციებისა თუ ღონისძიებების ორგანიზების სწავლებას.
კვირეული, რომელიც CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ტარდება, 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
კვირეული ქართული დიპლომატიის დღისადმია მიძღვნილი (3 ნოემბერი), რომელიც დიდ ქართველ მამულიშვილსა და დიპლომატს, სულხან-საბა ორბელიანს უკავშირდება.
აღნიშნული კვირეულის ჩატარება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში უკვე ტრადიციად იქცა და ის ყოველწლიურად იმართება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება