16 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში იოზეფ გოლუჩოვსკის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (პოლონეთი) ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორი ვიქტორ მოზგინი ესტუმრა.
სტუმარი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, კახაბერ კორძაიას შეხვდა, სადაც მხარეებმა არსებული და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ვიქტორ მოზგინმა ასევე შეხვედრა გამართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან, რომელსაც დეკანი ნანა ამირანაშვილი, დეკანის მოადგილე ეკატერინე ჭალაგანიძე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ალიკა გუჩუა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის / გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია ესწრებოდნენ.
მოგვიანებით კი პოლონელმა სტუმარმა სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალისთვის დაგეგმილ საჯარო ლექციაზე გადაინაცვლა, რომელიც თანამედროვე სწავლებისა და კვლევის მეთოდებს მიეძღვნა.
სპიკერმა ასევე მიმოიხილა სამეცნიერო ჟურნალებში - “Ante Portas“ (პოლონეთი) და “Ukrainian Policymaker“ (უკრაინა) - სტატიების გამოქვეყნების პროცედურები.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ჟურნალებში, რომლებიც აღიარებულია საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში, სტუდენტებს ბაკალავრიატის საფეხურიდანვე შეუძლიათ სტატიების გამოქვეყნება, ამ შესაძლებლობით კი დღემდე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების არაერთმა სტუდენტმა ისარგებლა.
გარდა ზემოაღნიშნული საკითხებისა, სტუდენტები რეგიონის აქტუალური პოლიტიკური საკითხებითაც დაინტერესდნენ, რაზეც სპიკერის მხრიდან შესაბამისი პასუხები მოისმინეს.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორ მოზგინმა 16-17 ოქტომბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის დამატებით სამი ლექცია გამართა შემდეგ საკითხებზე: „რუსეთის დაპირისპირება დასავლეთთან უკრაინის ომის კონტექსტში“; „რუსული დიდი სტრატეგიის ცვალებადი ხასიათი უკრაინის ომთან მიმართებაში“; „უკრაინის ომის გავლენა პოლონეთის არმიის მდგომარეობაზე - მომავალი განვითარების პერსპექტივა“.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება