3 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ნევროლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ნევროლოგიისა და კლინიკური ეპილეფსიის პროფესორი, ლეი სანდერი ესტუმრა.
სამუშაო ვიზიტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუნდამენტური სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებული პროექტის - „საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში ეპილეფსიასთან ასოცირებული ატიტუდებისა და ეპილეფსიის შესახებ არსებული ცოდნის ცვლილებების კვლევა საქართველოში ათწლიანი ინტერვენციული აქტივობების შემდეგ“ - ფარგლებში გაიმართა.
ბრიტანელი პროფესორი, რომელიც პროექტის საერთაშორისო ექსპერტია, ვიზიტის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სესელი გოგიბერიძესა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, მაგდა თორთლაძეს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინატორი, სვეტლანა კირაკოსიანი, მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ნინო გოგატიშვილი (პროექტის ხელმძღვანელი), პროფესორი სოფიო კასრაძე (პროექტის კოორდინატორი) და მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი, გუჯა წითლიძე.
შეხვედრაზე განიხილეს პროექტთან დაკავშირებული საკითხები და დასახეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები, როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო მიმართულებით.
მოგვიანებით მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა პროფესორ ლეი სანდერის საჯარო ლექცია თემაზე: „ეპილეფსია“.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სამეცნიერო კვლევაში CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის 12 სტუდენტი არის ჩართული.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება