ნაფიც მსაჯულთა ეროვნული ჩემპიონატი CIU-ში
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საქართველოს პროკურატურისა და უზენაესი სასამართლოს თანამშრომლობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და სტუდენტების საპროცესო უნარ-ჩვევების გაღრმავების მიზნით, საქართველოს 12 უნივერსიტეტში ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი იმართება.
პროექტი გუნდებისთვის როგორც შიდასაუნივერსიტეტო ტრენინგებსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებს, ასევე, ნახევარფინალურ და ფინალურ შეჯიბრს მოიცავს.
პროექტისთვის თითოეული უნივერსიტეტი დაცვისა და ბრალდების ორ გუნდს, ასევე, ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობას წარადგენს, რომელიც სხვა ფაკულტეტების 12 სტუდენტისაგან არის დაკომპლექტებული.
3 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს ჩაუტარდათ ბრალდების მხარის ტრენინგი საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელ თორნიკე ნადირაძის ხელმძღვანელობით, ხოლო დაცვის მხარის ტრენინგი ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელ სულხან კომახიძის მენტორობით.
10 დეკემბერს აკადემიკოს მინდია უგრეხელიძის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზში, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, გაიმართა იმიტირებული პროცესი, რომელსაც ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ხატიძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი და საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ნინო აღლემაშვილი.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილე გუნდებს იმიტირებული პროცესებისთვის კვალიფიციური ფასილიტატორები ამზადებენ. მათი შეფასების საფუძველზე გამოვლენილი ოთხი საუკეთესო გუნდი (ორი რეგიონებიდან და ორი თბილისიდან) კი ფინალურ ეტაპზე გადაინაცვლებს. დასკვნითი ეტაპი საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჩატარდება, რომელსაც მოქმედი მოსამართლეებისგან, პროკურორებისა და ადვოკატებისგან დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს. ფინალური იმიტირებული სასამართლო პროცესისთვის ფინალისტებს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს პროკურატურის ტრენერები მოამზადებენ.
ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი აღნიშნული მასშტაბით საქართველოში პირველად, საპილოტე ფორმატში ტარდება, მომავალში კი ჩემპიონატის ყოველწლიურად ჩატარებაა დაგეგმილი.