დღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს შაბათს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერით გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით:
-„მიმდინარე წლის 22 დეკემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2 -ის” ეთერით, მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, გავიდა სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში არსებულ ე.წ. კანონდარღვევების შემთხვევებზე.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი უფლებამოსილია განაცხადოს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მიერ მომზადებული სიუჟეტი აშკარად ტენდენციურია, გაყალბებულია ცალკეული ფაქტები და ემსახურება პოლიტიკურ მიზანს, რომელშიც გარიეს ყველაზე აპოლიტიკური საგანმანათლებლო დაწესებულება - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
სიუჟეტში გადმოცემული ზოგიერთი ფაქტი, თითქოსდა ჩვენს უნივერსიტეტში გაიცემა ყალბი დიპლომები, საჭიროებს შესაბამის რეაგირებას კანონით დადგენილი წესის მიხედვით.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყველაზე მეტად არის დაინტერესებული, გაირკვეს სიმართლე, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცეს ყოველივეს და შედეგები ეცნობოს საზოგადოებას“.
სიუჟეტში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით განცხადებას ავრცელებს უნივერსიტეტის იურიდიული სამსახური:
-„სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამემა, რისი დადგენაც მარტივია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის:
1.აზერბაიჯანელი მოქალაქე, რომელზედაც, თითქოსდა გაიცა ყალბი დიპლომი, უნივერსიტეტში ჩაირიცხა და 3 წელი სწავლობდა მირჯალალ ზეინალოვის სახელით, რაც მითითებულია(დასტურდება) ყველა უწყისსა და დოკუმენტში. კვალიფიკაციის მინიჭებიდან დიპლომის გაცემამდე მან წარმოადგინა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული გვარის ცვლილების დოკუმენტი, შესაბამისად, განხორციელდა ცვლილება უნივერსიტეტისა და სამინისტროს რეესტრში და დიპლომი გაიცა შეცვლილ გვარზე - ქარგარლი.
2. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტით არასოდეს დაინტერესებულა საქართველოს პროკურატურა. აქედენ გამომდინარე, არ ჰქონია საქმე პროკურატურაში, მათ შორის, არც 2012 წლამდე.
3. უნივერსიტეტმა ავტორიზაცია წარმატებით გაიარა და მიიღო საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის უმაღლესი შეფასების დოკუმენტი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ავტორიზაციის დასკვნას ხელმძღვანელობდა ორი ბრიტანელი ექსპერტი და საბოლოო გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო 24-კაციანმა საბჭომ.
4. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის პროცესს პასუხისმგებლობით ეპყრობა ყველა სტუდენტი, განურჩევლად რანგისა და წარმომავლობისა. გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს უნივერსიტეტში სწავლა მისაღებია მაღალი თანამდებობის პირებისთვის, რომელთაც აქვთ გავლენა და ავტორიტეტი ფართო საზოგადოებაში“.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება