9 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“, „ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, კონფერენციის პროექტის ხელმძღვანელი მარიკა კლდიაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის ხელმძღვანელი კახაბერ კორძაია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი სესილი გოგიბერიძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი არჩილ ყარაულაშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნინო კვანტრიშვილი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პროექტის კოორდინატორი შორენა ქურდაძე.
კონფერენციის პლენარულ სესიაზე მოხსნებით წარდგნენ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, როგორც საქართველოდან, ისე ესპანეთიდან, ესტონეთიდან, თურქეთსა და იტალიიდან. მათი მოხსენებები ეხებოდა მეწარმეობის განვითარების თანამედროვე ტენდენციებს, ინოვაციურ მიდგომებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს. ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოში ფინანსური განათლების მიმართულებით მოქმედ აქტუალურ პროექტებსა და ტექნოლოგიურ წარმოებას.
ცნობისთვის, „ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ“ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 11 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. კონფერენციის მეორე დღე კავკასიის საერაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება, სადაც 5 დარგობრივი სექცია და მეწარმეების გამოფენა იქნება წარმოდგენილი, მესამე დღეს კი სამეცნიერო აქტივობებს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.
CIU-ს მიერ ორგანიზებული მაღალი რანგის სამეცნიერო ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ უახლესი სამეცნიერო კვლევების განვითარებას და ინტერნაციონალიზაციას საქართველოში, ასევე, აკადემიურ, საჯარო და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა მეცნიერთა შორის.
კონფერენციაში ჩართულია სხვადასხვა ქვეყნისა და უნივერსიტეტის 140-მდე წარმომადგენელი, ასევე, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო და კერძო ბიზნესსტრუქტურები.
პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კი არის ღონისძიების მასპინძელი, პროექტის წამყვანი და თანადამფინანსებელი ორგანიზაცია.
თანამონაწილე ორგანიზაციების სახით ჩართულები არიან: ალკალას უნივერსიტეტის მეწარმეობის სკოლა (ესპანეთი) და დეგენდორფის ტექნოლოგიების ინსტიტუტი (გერმანია); პროექტის პარტნიორები არიან: სააგენტო "აწარმოე საქართველოში", მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA), გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი - UN Global Compact Network Georgia, ფინანსური განათლების პორტალი - „ფინედუ“ და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება