10 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით „დასაქმების ფორუმი 2023“ გაიმართა.
ფორუმზე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილე კომპანიების მიერ შემოთავაზებულ ვაკანსიებსა და სტაჟირების პროგრამებს გაცნობოდნენ.
ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძიამ გახსნა. „უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის ფორუმების მოწყობა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, რომ ვაკანსიებსა და კომპანიებს გაეცნონ. შემდეგ, თავიანთი თავი წარმოაჩინონ და დასაქმების გზაზე ერთი ნაბიჯი გადადგან წინ. ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ ამ ტიპის დასაქმების ფორუმებს. სტუდენტების აქტიურობა ყოველთვის დიდია და მიხარია, რომ გვემატება და გვემატება კომპანიები, რომლებიც მონაწილეობენ ამ ფორუმში”, - განაცხადა კახაბერ კორძაიამ.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით წარდგა CIU-ს უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, მარიამ ჯაჭვაძე. „ფორუმის მიზანია, რომ სტუდენტებს და ქვეყანაში არსებულ დამსაქმებლებს საშუალება მივცეთ, რომ ერთმანეთს შეხვდნენ, საკუთარი თავი გააცნონ, დამსაქმებლებმა სტუდენტებს სხვადასხვა შესაძლებლობა შესთავაზონ. სტუდენტებმა კი, შეძლონ, ეს ყველაფერი საკუთარ თავზე მოირგონ, გაითავისონ და კარიერის განვითარებაზე დაიწყონ ზრუნვა“ - აღნიშნა მარიამ ჯაჭვაძემ.
„დასაქმების ფორუმში“ მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო და კერძო სექტორის შემდეგი უწყებები/კომპანიები: „ბაზის ბანკი“, „თიბისი“, „GDL”, „ტერა ბანკი“, „თიბისი დაზღვევა“, „საქართველოს ბანკი“, „Brend r“, „იმპექსი“, „PSP”, „ევექსი“, „ჯიპისი“, „ფარმადეპო“, „ლაქტალის ჯორჯია“, „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო“, „იუსტიციის სახლი“, „თეგეტა მოტორსი“, „მერიოტი“, „ჰილტონი“, „SKY HI”, „UNI JOBS”, „შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „ცესკო“ და „ეკოვის ჯორჯია“.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება