4 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის პროექტის - „ჩვენი ჯარი“ - შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) წარმომადგენელი, მასტერ სერჟანტი დავით გაზდელიანი და ლეიტენანტი ხატია ციხელაშვილი უძღვებოდნენ.
სპიკერებმა მიმოიხილეს „თავდაცვის კოდექსი“ და ყურადღება მის ძირითად ნიუანსებზე გაამახვილეს.
აღსანიშნავია, რომ „თავდაცვის კოდექსი“ თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებისა და თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის მომზადების მიზნით შეიქმნა. კოდექსი თავდაცვის მიზნებზე მორგებული სამხედრო სამსახურის გავლის ახალ წესს არეგულირებს და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. ასევე, ახლებურად ყალიბდება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური.
საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტთა აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა.