10 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტისა და კომპანია „შვიდი ვაინის“ ორგანიზებით, გაიმართა პროფესიული შეხვედრა თემაზე: „უახლესი ტენდენციები ღვინის დამხმარე საშუალებებში“. ღონისძიება მიზნად ისახავდა, ღვინის წარმოებაში გამოყენებული დამხმარე მასალებისა და ტექნოლოგიების განხილვას როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ასპექტით.
შეხვედრის ფარგლებში მსმენელებს ორი ძირითადი პრეზენტაცია წარედგინათ. თემაზე „ღვინის დამხმარე მასალების კლასიფიკაცია“ ისაუბრა მიხეილ მესხმა, კომპანია „შვიდი ვაინის“ მმართველმა პარტნიორმა.
მომდევნო მოხსენება წარმოადგინა ბლანდინე ლურდელემ (საფრანგეთი), ენოლოგმა და კომპანია IOC-ის საექსპორტო სფეროს მენეჯერმა. მან აუდიტორიას გააცნო შემდეგი თემები: „ყურძნის წვენის დაწმენდისა და ოქსიდაციის პრევენციის თანამედროვე საშუალებები“ და „ღვინის არომატების ტიპები და მათი ბიოლოგიური სტრუქტურა“.
ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო პრაქტიკული ვორქშოპი, სადაც მონაწილეებმა ღვინის ნიმუშები დააგემოვნეს და შეაფასეს სხვადასხვა დამხმარე საშუალების ეფექტი.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ასევე პარტნიორი მეღვინეობების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების შედეგად გამოიკვეთა საინტერესო სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებები, რომლებიც მომავალში აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში განვითარდება.
ღონისძიებას უძღვებოდა ლაშა ბოდაველი - CIU-ის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კოორდინატორი და უნივერსიტეტის მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ გენერალური მენეჯერი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება