მეორე წელია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო პროექტში: "Internationalization in International Tourism Management/Health Tourism" (HealthTour).
პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, ე.წ. „ზამთრის სკოლის“ ფარგლებში, 9-14 ოქტომბერს, ბად ბირნბახის ცნობილ ველნეს-კურორტზე (ბავარია, გერმანია) განხორციელდა ჯანმრთელობის ტურიზმის (ველნესი, სპა) განვითარების, ე.წ. Gen Z თაობის მოთხოვნების კვლევა და ველნეს ტურისტული პროდუქტის დივერსიფიკაციის შესაძლებლობების გამოვლენა Gen Z თაობის ინტერესთა შესაბამისად.
კვლევაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან მონაწილეობდნენ DAAD-ის სტიპენდიანტი სტუდენტები: ილია ბატიაშვილი, ილია ლაბარტყავა, დავით დოღონაძე, სოფიო ლომიძე და მარიამ შულაია. მათ წარმატებით გაართვეს თავი როგორც კვლევას, ისე კვლევის შედეგების ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგენას. კვლევის შედეგად CIU-ს სტუდენტთა მიერ შემუშავებულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს განსაკუთრებული მოწონება ხვდა წილად როგორც აკადემიური, ისე ბიზნესის წარმომადგენელთა მხრიდან.
სტუდენტებს ხელმძღვანელობდნენ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი, მარინა გედევანიშვილი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი, მაია უკლება.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად პროექტში მონაწილეობდნენ: ECRI (European Campus Rottal–inn) - დეგენდორფის ტექნოლოგიების ინსტიტუტის საერთაშორისო ფაკულტეტი (პფარკირჰენი, გერმანია); ESPA - ევროპის სპა ასოციაცია (ბრიუსელი, ბელგია); VSE - პრაღის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი (პრაღა, ჩეხეთი); BMU - ბუდაპეშტის მეტროპოლიტენ-უნივერსიტეტი (ბუდაპეშტი,უნგრეთი); FTHM - რიჟეკას უნივერსიტეტი (რიჟეკა, ხორვატია); LU - ლვოვის უნივერსიტეტი (ლვოვი, უკრაინა); KHU - ხერსონის სახელმწიფო უნივერსიტეტი (უკრაინა).
პროექტი დაფინანსებულია გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD–German Academic Exchange service) მიერ. პროექტს ხელმძღვანელობს CIU-ს პარტნიორი - გერმანიის დეგენდორფის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (TID -Deggendorf Institute of Technology, Germany).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება